პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თურქეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ფარუქ ჩელიქსა და ჯგუფის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთს შორის მტკიცე მეგობრობას.
შალვა პაპუაშვილმა სამძიმარი გამოხატა საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების კუთვნილი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით. ამ კუთხით, ფარუქ ჩელიქმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის ღირებულ ჩართულობასა და დიდ მხარდაჭერას, რითიც, მისი თქმით, საქართველომ ნამდვილი მეგობრობა დაადასტურა.
შეხვედრაზე აღნიშნეს, 2025 წლის განმავლობაში, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დადებითი დინამიკა. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ივნისში თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ნაყოფიერი ვიზიტი, რომელმაც ახალი იმპულსი მისცა საპარლამენტო ურთიერთობებს.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის მტკიცე კავშირებზე.
აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობა, ასევე, საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა თურქული მხარის მიმართ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თურქეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი ჭყონიამ.










