ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელის და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები. სადაც იყო აღიარება სახელმწიფო წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ჯობია ენდო საკუთარ ქვეყანას ვიდრე უცხო სახელმწიფოს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ინიციატორი დღევანდელი კრიტიკული პასუხების იყო ევროკავშირის წარმომადგენელი, რომელმაც გუშინ ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა საქართველოს წინააღმდეგ.
„ჩვენი მხრიდან არის მხოლოდ პასუხები, ჩვენ არასდროს არ ვართ ინიციატორი რაიმე განცხადების თუ შეფასების. ეს არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის ბრიუსელისთვისაც, რომ თუ იქნება სამართლიანი დამოკიდებულება და სამართლიანი განცხადებები, რა თქმა უნდა ჩვენ არაფრის კრიტიკას არ ვაპირებთ, მაგრამ როგორც კი იქნება ცილისწამება ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის დელეგაციის ელჩი გაეროში გმობს დაკავებებს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ფონდები გამოიყენებოდა საქართველოში ძალადობრივი აქციების დასაფინანსებლად.
„ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ასევე დადასტურებულად არის ცნობილი, რომ ევროკავშირის ფულით ფინანსდებოდა სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად შესაძენი აღჭურვილობები და ურიგდებოდა აქციის მონაწილეებს.
„ეს აღიარებული აქვს „ისფედის“ ხელმძღვანელს. როდესაც ეს ფაქტები არის და ამ პირობებში კიდევ ვხედავთ „გაღმა შემოდავებას“ ევროკავშირის მხრიდან, რა თქმა უნდა ამას ექნება ჩვენი პასუხი.
და მეორე, ეს ადამიანები ბარიკადებზე სწორედ ბრიუსელის წაქეზებით ავიდნენ. გახსოვთ თქვენ 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა, როდესაც ბრიუსელის ოფიციალურმა პრესსპიკერმა 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე მხარდაჭერა გამოიცხადა საჯაროდ 4 ოქტომბერს წინასწარ გაცხადებულ დამხობის შეკრებას. ეს იყო ვირტუალური მწვანე შუქი მათთვის, რომ თავს დასხმოდნენ პრეზიდენტის რეზიდენციას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ევროკავშირის არც ერთ წარმომადგენელს არ დაუგმია.
მისი თქმით, ადამიანები მოხვდნენ ციხეში სწორედ იმის გამო, რომ ძალადობისკენ წააქეზეს და შემდეგ მიატოვეს ისინი ციხეში.
„სწორედ ამ უსინდისობის პატიმარია დღეს ის დარჩენილი 70 ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაუაზრებია ის, რომ ჯობია ენდო საკუთარ ქვეყანას ვიდრე უცხო სახელმწიფოს. მზია ამაღლობელზე, როდესაც ვსაუბრობთ, დააკვირდით, აღარავინ მსოფლიოში არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო. საუბარი აღარ არის, რომ დანაშაული არ ჩაიდინა, საუბარია სასჯელი რამდენად პროპორციული და მკაცრი იყო თორემ აღარავინ ამბობს, რომ უდანაშაულოა. ამას შიგნით ყოველთვის ამბობდნენ, მაგრამ ახლა მოუწიათ ამის აღიარება. ეს ადამიანები უნდა დაფიქრდნენ, რომ აღარავინ მათ უდანაშაულობას აღარ ამტკიცებს აღარავისთან. დანაშაული იქნა ჩადენილი.
რაც შეეხება სასჯელებს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ის ვინც გაიაზრებს საკუთარ დანაშაულს, ის ვინც ითანამშრომლებს გამოძიებასთან, ის ვინც აღიარებს და გაიაზრებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება მის მიმართ იქნება ჰუმანური და ადეკვატური დამოკიდებულება. ეს დადასტურდა, სადაც იყო აღიარება პროკურატურა წავიდა შემხვედრ ნაბიჯებზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. სადაც იყო მიმართვა პრეზიდენტისადმი შეწყალების თხოვნით და აღიარება დანაშაულის, პრეზიდენტი წავიდა შემხვედრ ნაბიჯზე და ეს ადამიანები გარეთ არიან. ციხეში რჩებიან ისინი, ვინც არიან ბრიუსელის და შიდა ოპოზიციის უსინდისობის პატიმრები დღეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









