არავიზე ფსონს არ დებენ. სინამდვილეში, ხედავენ, რომ ამ კონტინგენტით, რომელიც მათ რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ სახით ჰყავთ, წარმატების შესაძლებლობა არ აქვთ, ამიტომაც არიან თავად ჩართული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა, რითაც უპასუხა კოთხვას „ვისზე დებს ფსონს ევროპული ბიუროკრატია. ვის ხედავთ მათ პოლიტიკურ საყრდენად ოპოზიციაში?“.

მისი თქმით,  2024 წელს ელჩები, უცხოელი პოლიტიკოსები, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩაერთნენ საარჩევნო პერიპეტიებში.

„არ მგონია, დიპლომატისთვის გასახარი იყოს, როდესაც ვენის კონვენციას არღვევს. მით უმეტეს იმ დიპლომატისთვის, რომელსაც კარიერა ჯერ კიდევ წინ აქვს. გერმანიის ელჩისგან განსხვავებით, რომელიც საქართველოდან პირდაპირ პენსიაზე გადის, მას დასაკარგი არაფერი აქვს, მიდის პენსიაზე და თავის საქმეს აკეთებს თვითონ როგორც უნდა, მაგრამ ევროკავშირის ელჩს, სხვა ელჩებს, რომლებიც აქედან შეიძლება, სხვა მისიაში წავიდნენ, ეს ხომ შლეიფად გაჰყვებათ, რომ ქვეყანაში არჩევნებში ერეოდნენ. როდესაც შემდეგი პოზიცია იქნება რომელიმე ქვეყანაში, რომელსაც ბატონი ჰერჩინსკი მოისურვებს, რომ დაიკავოს, იმ ქვეყნის ხელისუფლება ხომ ჩახედავს, რა ხდება, მისი პროფილი რა არის და ხომ ნახავს ბრალდებებს არჩევნებში მის ჩარევასთან დაკავშირებით. ვინ მოინდომებს, რომ იმ ქვეყანაში შემდეგ ელჩად იყოს წარმოდგენილი. ამ ნაბიჯზეც კი მიდიან, საკუთარი პროფესიული ეთიკის დარღვევისკენაც კი მიდიან, რადგან შესასრულებელი საქმე არის. კიდევ ერთხელ, ჩვენ ეს კასკადი ხომ ვნახეთ, აქ ეს მწიფდებოდა.

თავიდან იყო რადიკალური ოპოზიციით ხელისუფლების შეცვლის მცდელობა არადემოკრატიული გზით, რევოლუციების მცდელობა 2020 წელს, არ გამოუვიდათ. შემდეგ, 2021 წელს ვნახეთ, მედიების რევოლუცია რომ იყო. პარლამენტის წინ რომ ჰქონდათ და ე.წ. მედიამენეჯერები რომ პოლიტიკოსები გახდნენ. შემდეგ ვნახეთ, 2022 წლის ივნისში „ენჯეოები“ რომ დააყენეს სცენაზე და მაშინაც არ გამოვიდა ხელისუფლების არადემოკრატიული ცვლილება. ბოლოს მივედით 2024 წლამდე, როდესაც პირდაპირ ელჩები, უცხოელი პოლიტიკოსები, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩაერთნენ საარჩევნო პერიპეტიებში. ფაქტობრივად, დაუპირისპირდა საქართველოს ამხელა ძალა და ქართველი ხალხი მხოლოდ ისტორიულმა გამოცდილებამ, მისმა წარსულმა გააძლიერა ალბათ ასეთ დაპირისპირებაში, უხეშ ჩარევაში, როდესაც ჩვეულებრივად გამოდიოდა ევროკავშირის ელჩი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს აფასებდა, მოსწონდა, თუ არ მოსწონდა. ვინ ეკითხება ელჩს. წარმოგიდგენიათ, რომელიმე ქვეყნის ელჩი სხვა ქვეყნის საარჩევნო ბანერების კომენტირებას აკეთებდეს? ჩაერივნენ, აწონა საზოგადოებამ, შეაფასა, ჩათვალა, რომ მათი ფასი ნულია და ამიტომაც დამარცხდნენ 2024 წლის არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.