საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია გარე დაკვეთების შესაბამისად მოქმედებს.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ვიდრე გარე დაკვეთებით იმოქმედებენ, ქართველი ხალხისგან არჩევნებზე საკადრის პასუხს მიიღებენ.
„მთავარი შეცდომა ისაა, რომ ისინი ქართველ ხალხს არ ემსახურებიან, ამ ყველაფერს უცხოელებისთვის და მათი დამკვეთებისთვის აკეთებენ. ტექნიკური მთავრობას თუ პრეზიდენტის სასახლის გასაღების ხელში ჩაგდება რომ უნდოდათ, ამ ყველაფერს ქართველი ხალხი უკვე ირონიით უყურებს. არსებობს რაღაც ჯგუფი, რომლის ნაწილია უცხოური აგენტურა და დავალებების შემსრულებლები. აგერ, ფურცლებს უგზავნიან, პარლამენტის წინ რა წაიკითხონ. ესეც კი აკადრეს, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილი უსტარი წაუკითხეს ქართველ ხალხს. იმის თავისუფლებაც კი არ აქვთ, რომ თავად ჩამოაყალიბონ სათქმელი. ვხედავთ ემოციურად დაზიანებულ ზოგიერთ არაადეკვატურ ჯგუფს, ვისთანაც რთულია რაიმე ლოგიკაზე საუბარი. პრობლემა იმაშია, რომ ქართველი ხალხის ნებას აცდენილი არიან, გარე დაკვეთით მოქმედებენ. ვიდრე ასე იქნებიან, მანამდე უცხოელები წითელ ხალიჩას დაუგებენ და ქართველი ხალხისგან არჩევნებზე საკადრის პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








