პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის“ მიმდინარეობის სამუშაოებს დაესწრო.
აღნიშნულ ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
„პარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მივიღეთ მთაწმინდის ფერდზე ხეების დარგვაში. ეს უნიკალური პროექტია, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და რომელიც გეგმიდან გამომდინარე, უკვე მიმდინარე წელს დასრულდება. საბოლოოდ, 700 ათასზე მეტი ნერგი დაირგვება მთაწმინდის ფერდზე, რომელიც საერთო ჯამში, 700 ჰექტარს მოიცავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ სრული დაფინანსებით, ფონდი „განვითარება და გარემო“ „თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს“ 2020 წლიდან ახორციელებს. პროექტი 700 000 ნერგის დარგვას, საფეხმავლო და ველობილიკების კეთილმოწყობას, მცირე ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი ფაუნის პოპულაციების ზრდის ხელშეწყობას ითვალისწინებს.