საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეების წერილზე საპასუხო წერილს აქვეყნებს.
მისი თქმით, შიდა და გარე აქტორებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სტიგმატიზება განახორციელეს, ასევე შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია.
შალვა პაპუაშვილის თქმით, კანონს თავიდანვე „მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი“, სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა.
„გვაწუხებს, რომ შიდა და გარე აქტორებმა განახორციელეს აღნიშნული კანონის სტიგმატიზება, ასევე, ის, რომ შეიმჩნევა სწრაფი დასკვნების გამოტანის ტენდენცია. დასაწყისიდანვე კანონს მიაწებეს „რუსულის“ იარლიყი. სინამდვილეში, „რუსული კანონი“ არის მადისკრედიტებელი პოლიტიკური მეტაფორა, რომლის მიზანია კანონმდებლობის სტიგმატიზება და საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა.
სინამდვილეში, სხვა საერთაშორისო ანალოგები ბევრად უფრო მკაცრია, ვინაიდან მათი სამართლებრივი ჩანაწერები უფრო ხისტია, ვიდრე ქართული ვერსიის. უფრო მეტიც, ქართულ კანონმდებლობაში არ არსებობს „უცხოური აგენტის“ ფორმულირება; სანაცვლოდ, გამოიყენება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესის გამტარებელი ორგანიზაცია“. იგი ჰგავს ევროკავშირის ტერმინს „მესამე ქვეყნების სახელით ინტერესების წარმომადგენლობის მქონე ორგანიზაცია“, რომელსაც ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დირექტივის პროექტში ვხვდებით.
შევისწავლეთ მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და ვთვლით, რომ ქართული კანონი შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან. იგი არცერთ შეზღუდვას არ აწესებს უცხოურ დაფინანსებასა თუ უცხოურ ფონდებზე წვდომასთან დაკავშირებით; იგი არ ითხოვს ფინანსურ გადარიცხვებზე წინასწარ ნებართვას; იგი არ მოიცავს დაფინანსების კონტროლს ან ადმინისტრაციულ დაშლას; და იგი არ ადგენს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონი არამომგებიან ორგანიზაციებს არცერთი ფორმით არ უზღუდავს უცხოური დაფინანსების მოძიებას, მიღებას ან გამოყენებას, ასევე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წახალისებასთან დაკავშირებულ ლეგიტიმურ საქმიანობას. საქართველოში არამომგებიანი ორგანიზაციები არიან თავისუფლები და კანონის მიღების შემდეგაც იქნებიან თავისუფლები.
უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი ადგენს ერთადერთ მარტივ ვალდებულებას, რომ არამომგებიანმა ორგანიზაციებმა, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოურ დაფინანსებაზე მოდის, წელიწადში ერთხელ მოახდინონ საკუთარი ფინანსების დეკლარირება. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს და არა ინდივიდუალურ პირებს.
ეს არის ყველაზე მინიმალური და პროპორციული ჩარევა. გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ამაზე ნაკლები ვალდებულება არ არსებობს მსოფლიო მასშტაბით არცერთ სამართლებრივ სივრცეში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ გაზრდის არამომგებიანი ორგანიზაციების და მათი დონორების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ გაზრდის არამომგებიანი ორგანიზაციების და მათი დონორების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონეს. იგი გააჯანსაღებს პოლიტიკურ და საარჩევნო სისტემებს საქართველოში და შესაძლებელს გახდის პოლიტიკის შემუშავების პროცესში არამომგებიანი ორგანიზაციების უფრო ინკლუზიურ მონაწილეობას.
დარწმუნებული ვარ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დრო აჩვენებს, რომ მისი ერთადერთი მიზანი არის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების სიმტკიცის შენარჩუნება და გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს მედეგობის გაძლიერება“, – დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.