"ევროკავშირის ტერიტორია გამოიყენება, რომ საქართველოში მოხდეს არეულობის ინსპირაცია, სუვერენიტეტის შელახვა, ანტიდემოკრატიული პროცესები," - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ოპოზიციას რევოლუციურ სცენარებს "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ბლაჟევიჩის ორგანიზაცია დასავლური ფონდებიდან ფინანსდება.

"დღეს ევროპული ფული იქცა სხვა ქვეყნების, სხვა ერების ცხოვრებაში ხელის ფათურის, სხვა ერების ცხოვრების და ყოფის არევის, დემოკრატიის ხელყოფის და ძალადობის წახალისების წყაროდ," - აცხადებს პაპუაშვილი მედიის მიერ დასმული კითხვის პასუხად და ამბობს, რომ საკითხზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

"ვხედავთ, რომ ამ ორგანიზაციაშიც მუშაობენ ან მასთან თანამშრომლობენ სახელითა და გვარით ქართველები, თუმცა თავიანთი სულით უცხო დროშის მოფრიალე ადამიანები. ეს ორგანიზაცია, რომელსაც ეს ბატონი წარმოადგენს, ფინანსდება ევროპული ფონდებიდან. მათ შორის, ღია წყაროებიდანაც ჩანს, რომ მილიონობით დაფინანსებას გასცემს და კონცენტრირებულია, ორიენტირებულია და სპეციფიკურად უყურებს კავკასიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპას. ჩანს, რომ აქვს მავნე მიზნები და იკვეთება პირდაპირ სპეცსამსახურების ხელი, რათა სხვა ქვეყნებში არიონ სიტუაცია.

საქართველოში, სავარაუდოდ, ხარჯავს ფულს, რაც ფაქტია, რომ შეთანხმებული არ არის და არც გამჭვირვალეა. ასე რომ, ყველაფერთან ერთად აშკარაა, რომ ეს არის სპეცსამსახურების სტილის ქმედებები. ამასთან ერთად ჩანს, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც, თუკი საქართველოში იხარჯება არადეკლარირებული ფული - როგორც გამჭვირვალობის, ისე საგადასახადო კუთხით.

დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს დააკვირდება და შეისწავლის. ჩვენი ამოცანა კი პოლიტიკურად არის ამ ყველაფრის მხილება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წყაროს მიერ "ქრონიკისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგორ ბლაჟევიჩმა ოპოზიციას ათზე მეტი ტრენინგი ჩაუტარა და კონკრეტული დავალებებიც მისცა. სხვადასხვა ცნობებით, ამ ტრენინგს, ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა ესწრებოდა ორგანიზაცია "ფარის" დამფუძნებელი.