დღეს, როდესაც პირდაპირ, დაუფარავად, ურცხვად ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, საქართველოს ეს კუთხე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება უფლის რწმენით, სიყვარულით, ერთმანეთის თანადგომით ცხოვრობდნენ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები და ერთად აშენებდნენ მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოს. - ამის შესახებ ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ახალციხეში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ისტორია და სარწმუნოება არის ის ორი უმტკიცესი საყრდენი, რომელსაც ყოველთვის ეყრდნობოდა და კვლავაც დაეყრდნობა ჩვენი საზოგადოება. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი ავის მსურველნი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და რწმენის შერყევას. უპირისპირდებიან ყველაფერს რაც ძვირფასია, უნიკალური და თვითმყოფადი. მათი მიზანია ფესვებს მოწყვიტონ ადამიანი და სულიერად გამოაცარიელონ. რადგან გათითოკაცებული, ეროვნული მეხსიერების გარეშე დარჩენილი ერი სახეს კარგავს, და ის აღარც არის ერი. იდენტობა დაკარგული ხალხი კი ადვილი სამართავია.
ძალა, რომელიც დღეს ჩვენ გვებრძვის, გაცილებით დიდია ვიდრე ჩვენი უნიათო ოპოზიცია. ეს არის იდეოლოგია, რომელიც მშვიდობის სახელით მოგვიწოდებს ომისკენ, ტოლერანტობის სახელით ებრძვის სარწმუნოებას, ინდივიდის სახელით ანადგურებს ადამიანს. თავისი არსით ეს არის თანამედროვე ბოლშევიზმი, რომლის პირველი სამიზნე ჩვენი რწმენა და ჩვენი ისტორიაა.
კარგად ხედავთ, როგორი კამპანია აქვთ გაჩაღებული შობის დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით, როგორ ებრძვიან ხატებს, როგორ ცდილობენ ჩვენი დედაეკლესიის დაზიანებასა და სახელის გატეხვას.
იგივე ხდება, როდესაც ცდილობენ, რომ გადაგვიწერონ ჩვენი ისტორია. მეფე ერეკლე მოღალატედ გამოგვიცხადონ; ფაშიზმთან ნაბრძოლ გმირებს გამარჯვების საზეიმოდ ახალი თარიღი დაუდგინონ; საბჭოთა დროს ჩვენი მშობლების, მათი მშობლების ნაშრომს ხაზი გადაუსვან, მათ კი ყავლგასული თაობა უწოდონ.
არადა, სწორედ ჩვენი მშობლების თაობის დაუღალავი შრომის, ადამიანობის, გამბედაობის წყალობით გვაქვს ის ყველაფერი, რამაც შეგვაძლებინა ქართული სახელმწიფო ჩამოგვეყალიბებინა და მისი დამოუკიდებლობით გვეამაყა.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ხის სიმაღლე მისი ფესვებიდან იზომება, რომ ჩვენ ჩვენი წინა თაობების მხრებზე ვდგავართ. მხოლოდ ასე, მშობლების და წინაპრების პატივისცემით და მათი ღვაწლის სათანადო დაფასებით შევძლებთ მომავლისთვის თვალის გასწორებას და საქართველოს ისტორიის ღირსეულად გაგრძელებას.
საქართველოს, მომავლის საძიებლად, არ სჭირდება უწარსულო მაწანწალასავით უმიზნოდ ხეტიალი. ჩვენი მომავალი ჩვენსავე წარსულშია ჩაბეჭდილი, რომელმაც გამოწრთო, დააბრძენა და დააღვინა ჩვენი ერი საიმისოდ, რომ დინჯად და თანმიმდევრულად აშენოს მშვიდობიანი ხვალინდელი დღე.
კარგად ვხედავთ, რომ ისტორიის, ჩვენი წინა თაობის, დამსახურებული ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლამ ოპოზიცია დაუპირისპირა ქართველ ხალხს და ქართულ საზოგადოებას. ოპოზიციის თითოეული ძალადობრივი აქტი, მათ მიერ შეურაცხყოფილი თითოეული ხატი თუ პატივსაცემი ადამიანი, იმაზეა გათვლილი, რომ საზოგადოება დაცარიელდეს სულიერად, გონებრივად, კულტურულად. გაქრნენ მორალური ავტორიტეტები, მოიშალოს საზოგადოებრივი ფუნდამენტი, ოჯახი აღარ ოჯახობდეს, უფროსი თაობა აღარ იყოს პატივსაცემი, უარი ვთქვათ საკუთარ ისტორიაზე." - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.