წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი თავისთავად არ ირღვევა. ის მაშინ ირღვევა, როდესაც სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუტები, რომლებიც ჩვენს საერთო ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება,”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა რომში ევროპის საბჭოს პარლამენტის თავმჯდომარეთა ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული და აღქმებზე დაფუძნებული პოზიციების გასატარებლად გამოყენებისა და მათ იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა.
მისი თქმით, ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია.
,,საერთაშორისო ინსტიტუტები მხოლოდ იმდენადაა ძლიერი, რამდენადაც დიდია მათ მიმართ ნდობა და მათდამი ერთგულება. მათი ავტორიტეტი ლეგიტიმურობას ეფუძნება: რწმენას, რომ წესები ყველაზე თანაბრად ვრცელდება; რომ გადაწყვეტილებები ფაქტებსა და სამართლიან პროცედურებს ეყრდნობა და არა პოლიტიკურ მიზანშეწონილობას; და რომ ამ წესებზე მაღლა არავინ დგას.
როდესაც ლეგიტიმურობა სუსტდება, მის აღდგენას ვერანაირი ხელშეკრულების ვერცერთი ტექსტი ვეღარ შეძლებს.
რატომ სუსტდება ეს ინსტიტუტები მაშინ, როდესაც საერთაშორისო წესრიგი ჩვენს თვალწინ რღვევას განაგრძობს? ხშირად იმიტომ, რომ მათი ინსტრუმენტალიზაცია ხდება. შეშფოთებას იწვევს საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკურად მოტივირებული და აღქმებზე დაფუძნებული პოზიციების გასატარებლად გამოყენებისა და მათ იარაღად ქცევის მზარდი პრაქტიკა. როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო და პოლიტიკური ჯგუფი ინსტიტუტებს ვიწროდ განსაზღვრული პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ზოგიერთი წევრის ზეწოლის ქვეშ მოსაქცევად და სხვების დასაცავად, ან მონიტორინგისა და შეფასების პოლიტიკურ იარაღად ქცევისთვის იყენებს, ამ ინსტიტუტებს თავიანთ მთავარ დანიშნულებას ართმევს. ინსტიტუტი, რომელსაც იარაღად იყენებენ, უკვე აღარ არის ინსტიტუტი; ის ვიღაცის ინტერესების გამტარებელია.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (პასეს) დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ამის ნათელი მაგალითია. 2024 წლის ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ეუთო/ოდირმა (ODIHR) არჩევნები დეტალურად შეაფასა და დაასკვნა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და, ზოგადად, ხალხის ნებას გამოხატავდა. ეუთო/ოდირის ანგარიშში აღწერილი იყო არჩევნების ძლიერი და სუსტი მხარეები და განსაზღვრული იყო შემდგომი ნაბიჯები,”- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეუთო/ოდირის ანგარიშის საპირისპიროდ, ევროპის საბჭოს დელეგაციამ, რომელიც პასეს წევრებისგან შედგებოდა, სრულიად განსხვავებული გზა აირჩია.
,,ეუთო/ოდირის შეფასებისგან განსხვავებით, პასემ მოამზადა ანგარიში, რომელმაც არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის ევროკავშირმა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არჩევნების შეფასებისას გადამწყვეტი ეუთო/ოდირის ანგარიში იქნებოდა, ზოგიერთი ევროპული მთავრობისა და პოლიტიკური ჯგუფის მიერ ეს დაპირება არ შესრულდა. ამ ბევრი ცრუ ინფორმაციის შემცველი ანგარიშის საფუძველზე, პასემ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც, ფაქტობრივად, უარყო საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობა. თითქმის ორი წლის შემდეგ გაირკვა, რომ პასეს მიერ წაყენებული ყველა ბრალდება და საბაბი მცდარი, დაუსაბუთებელი და ფაქტობრივად ყალბი იყო. მიუხედავად ამისა, პასე უარს ამბობს, აღიაროს თავისი განზრახ დაშვებული შეცდომა, ხოლო პროცესი ჩიხში შევიდა.
ამრიგად, ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენი სუვერენიტეტისა და სახალხო დემოკრატიის დასაცავად შევუერთდით, კვლავ განაგრძობს ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების და, შესაბამისად, მისი თავისუფლების დარღვევას. პასე უნდა დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის იმ საფუძვლებს, რომელთა დასაცავადაც შეიქმნა. მიუღებელია ვითარება, როდესაც დემოკრატია, სუვერენიტეტი, ადამიანის უფლებები და თავისუფლება მხოლოდ ფორმალურ ლოზუნგებად იქცა. ამ პროცესის საბოლოო შედეგი ნდობის დაკარგვა და ორგანიზაციის არსისგან დაცლაა.
საპარლამენტო დიპლომატია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელსაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის განმტკიცებაში წვლილის შეტანა შეუძლია, თუმცა აუცილებელია, მკაფიოდ განვასხვავოთ დიალოგი ჩარევისგან. დიალოგი გულისხმობს მოსაზრებების გაცვლას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას და ყველა სახელმწიფოსთვის საერთო სტანდარტების დაცვას - იმ სტანდარტებისა, რომლებზეც ყველა წევრი ნებაყოფლობით შეთანხმდა. ამრიგად, წესებზე დაფუძნებული წესრიგის აღდგენა იწყება იმ ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების კეთილსინდისიერების განახლებით, რომლებიც ამ წესრიგს საფუძვლად უდევს. საქართველო ამ ამოცანის ერთგული რჩება,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









