ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა ძალიან უმწიფარია, მან გლობალური როლი დაკარგა, არ არსებობს დღეს დიდი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირს ანგარიშს უწევს, როგორც გლობალურ ძალას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს იტალიაში განუცხადა.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტთან დაკავშირებით. კერძოდ, „სხვადასხვა საკითხზე კეთდება განცხადებები, მათ შორის განიხილავენ ენერგოუსაფრთხოებასა და ალტერნატიული გზების მოძიებას, თუმცა საქართველოს კვლავ არ ახსენებენ, არც დამაზუსტებელი კითხვების დროს ამბობენ რაიმეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, საქართველოსა და შავი ზღვის საკითხებზე ამ ეტაპზე სიღრმისეული განხილვა იყოს, თუმცა უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში, შეიძლება, ეს საკითხი განიხილონ. რას ნიშნავს, როდესაც საქართველოზე ერთ სიტყვასაც არ ამბობენ?“

მისი თქმით, „ქალბატონი კალასი როდესაც ამბობს, რომ საქართველოსა და შავი ზღვის საკითხების სიღრმისეული განხილვა მისი ამოცანა არ არის, ეს მის ზედაპირულობას აჩვენებს“.

„რა თქმა უნდა, ამ საკითხების სიღრმეებში არ შედის, რადგან თავის საგარეო პოლიტიკაში ზედაპირულია. ეს ჩანს და სწორედ ამიტომ არის, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს ძალიან უმწიფარია და მან გლობალური როლი დაკარგა. დღეს არ არსებობს დიდი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირს ანგარიშს უწევს, როგორც გლობალურ ძალას. ეს სწორედ ქალბატონი კალასისა და, ზოგადად, ევროკომისიის ზედაპირული, უმწიფარი საგარეო პოლიტიკის შედეგია.

რაც შეეხება საქართველოს არმიწვევას, ესეც, თავის მხრივ, აჩვენებს, ვინ არის საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში ბოიკოტზე ორიენტირებული, დესტრუქციული და დიალოგის შემაფერხებელი. ვფიქრობ, კარგად ჩანს, რომ ამ ურთიერთობაში დესტრუქციული ევროკავშირია, საქართველო კი – კონსტრუქციული. ჩვენ მზად ვართ, დაველოდოთ მათ დიალოგის მაგიდასთან. ვფიქრობ, კონფრონტაცია არ არის გზა. ყოველ შემთხვევაში, იქ, სადაც ევროკავშირი კონფრონტაციაზე წავიდა, თავადაც წააგო და სხვა ქვეყნებსაც კიდევ უფრო დიდი შეცდომები დააშვებინა, რის შედეგადაც ისინი დიდ უბედურებაში გადააგდო. ასე რომ, არ ვფიქრობთ, რომ ბრიუსელის კონფრონტაციულ პოლიტიკას უნდა ავყვეთ. ჩვენ ვსხედვართ დიალოგის მაგიდასთან და ველოდებით, როდის მოუსხდება ბრიუსელის წარმომადგენლობა ამ მაგიდას. ჩვენ ვართ კონსტრუქციული. დროა, ევროკავშირიც კონსტრუქციულ კალაპოტს დაუბრუნდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.