„ჩვენი კონსტიტუციით, კანონით, როცა ცვლილება კონსტიტუციას ეხება ან როცა კანონს კონსტიტუციური კანონის სახე აქვს, აუცილებელია სახალხო განხილვა იმისთვის, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ გადაამოწმოს საზოგადოებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით რა დამოკიდებულებაა, თუ საზოგადოებისგან მხარდაჭერა არის, ამის შემდეგ გააგრძელოს პროცედურები პარლამენტში“, -  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა,  საკონსტიტუციო ცვლილებები ეხება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს.

„ზოგადად, დემოკრატიული სახელმწიფოს მოწყობა ემყარება ერთ რამეს,  რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხალხი არჩევნების გზით აძლევს დროებით მანდატს მის წარმომადგენლობით ორგანოს - პარლამენტს, რომელიც ამ მანდატით იღებს კანონებს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს სახელმწიფოს განვითარებისთვის. ამავე დროს, ჩვენი კონსტიტუციის დათქმით არსებობს საკითხები, რომელშიც ეს მანდატი ბოლომდე საკმარისი არ არის და საჭიროა პირდაპირი კონსულტაცია ხალხთან და საზოგადოებასთან.

ეს  ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც ძირეულია, პრინციპულია და ეხება საზოგადოების ღირებულებებს, სახელმწიფო მოწყობის ძირითად პრინციპებს, რომლებიც ასახულია ჩვენს კონსტიტუციაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საყოველთაო - სახალხო განხილვის კომისიამ მუშაობა 17 აპრილიდან დაიწყო და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი ინიციატივის განხილვა, ერთი თვის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

„საბოლოო ჯამში, ეს კომისია მუშაობას 17 მაისს დაასრულებს და პარლამენტს წარუდგენს თუ რა მოსაზრებები არის საზოგადოებაში და როგორი მხარდაჭერა აქვს ამ იდეას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კანონპროექტის მიზანია, ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება.