12 წელია ამ ხალხს აჯერებენ ოპოზიციური პარტიები და მათი უცხოელი მფარველები, თითქოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა არ არის ევროპისკენ მიმართული. 12 წელია "ქართული ოცნების" ხელისუფლება ჯიუტად წინ და წინ მიდის ევროპული მიმართულებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც ხელშესახები შედეგები მოუტანა ქართველ ხალხს ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„ოპოზიციის მხარეს კი არის მხოლოდ საუბარი და პროპაგანდა იმის შესახებ, თითქოს საქართველო სადღაც სხვაგან მიექანება. ყოველ საღამოს აძინებენ თავის მხარდამჭერებს იმ აზრით, რომ უნდა გაიღვიძონ ჩელიაბინსკში და ყოველ დილით ვიღვიძებთ ლამაზ და მშვიდ საქართველოში, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობს არყიოს, მიდის როგორც ევროპული მიმართულებით ინსტიტუციურად, ისე ეკონომიკურად ვითარდება და იცით, რომ ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ ეკონომიკური ზრდის ტემპით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იგი გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც.
„ვერავინ უარყოფს, რომ ამ აქციების ორგანიზატორებს რაიმე მიზანი პროტესტის სიტყვიერი გამოხატვისა არ ჰქონიათ. როგორც კი კონკრეტული ადამიანების ოდენობა შეიკრიბებოდა, იმ წამსვე იწყებოდა ძალადობა. თავი ჰოლივუდის ფილმში გეგონებოდა, იმ თავდასხმების გამო, რომელიც პოლიციელებზე მიდიოდა პიროტექნიკით, ამას ყველა უყურებდა და ზოგიერთი უტიფრად ამას მშვიდობიან პროტესტს ეძახდა. ყველამ უნდა აღიაროს, რომ ეს აქციები ძალადობრივ ხასიათს იძენდა. როგორც კი პარტიების და მათი მოკავშირე ენჯეოების ოფისებიდან ამოიღეს ძალადობისთვის განკუთვნილი საგნები, როგორც კი დააკავეს ძალადობის ორგანიზატორები, აქცია იმ წამსვე მშვიდობიანი გახდა. თუ ბუნებრივად ასე ხდებოდა, რატომ აქვს ორი დღეა აქციას ძირითადად მშვიდობიანი სახე? დეკემბრისთვის იყო მზად, ნახეთ, რომ პიროტექნიკის შეძენა გაორმაგებული იყო ნოემბრის მეორე ნახევარში, რომ ამ ფრომით მომხდარიყო კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ წასვლა. ვნახეთ რა შუალედები იყო ძალადობის დაწყებიდან პოლიციის მოწოდებამდე და დაშლამდე. როცა ძალადობა ხდება, პოლიცია ამისთვის ჰყავს ამ ქვეყანას, რომ აღკვეთოს. ძალადობრივი აქციის მართვა ერთერთი ურთულესი საპოლიციო ღონისძიებაა, რომელსაც ახლავს რისკი, რომელიც ხდება ძალის გამოყენებით. სადაც გამოიყენება ლეგიტიმური ძალა, არის რისკი, რომ მოხდეს ჭარბი ძალის გამოყენება. ყველაფერ ამაზე შესაბამისი პასუხი ექნება საგამოძიებო უწყებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.