"როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი წერს.

"როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც კი იძულებულია, საჯაროდ მიუთითოს ბრიუსელს, რომ შეეშვას სხვა ქვეყნების მიმართ შენიშვნების ტონით საუბარს, აშკარაა, რომ ბრიუსელი უკვე ზედმეტად ღრმად შევიდა ყალბი მორალისტის როლში. ჩვენი სათქმელიც ეს არის!" - წერს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ: "არ მგონია, რომ ევროკავშირმა უნდა განსაზღვროს, თუ რა არის საერთაშორისო სამართალი და, მით უმეტეს, ვერ განსაზღვრავს, როგორ უნდა დაიცვას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოება", - ასე გამოეხმაურა მარკო რუბიო ევროპის ქვეყნების კრიტიკას, რომელიც კარიბის ზღვის რეგიონში ამერიკული ავიამზიდის განლაგებას მოჰყვა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებს ამერიკისგან "ტომოჰავკის" ტიპის რაკეტების შეძენა უნდათ, თუმცა როდესაც ამერიკა საკუთარი გავლენის რეგიონში ავიამზიდს აგზავნის, ეს უეცრად პრობლემა ხდება.

მანამდე გავრცელდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. ჟან ნოელ ბარომ შეშფოთება გამოთქვა, რომ კარიბის ზღვის აუზში აშშ-ის სამხედრო ოპერაციები საერთაშორისო სამართალს არღვევს.

როგორც მედია წერს, აშშ-მა კარიბის ზღვის აუზსა და წყნარი ოკეანის სანაპიროებთან, გემებზე, სულ მცირე, 19 დარტყმა განახორციელა, შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა. ვაშინგტონი მოქმედებების მიზეზად ნარკოტიკებთან ბრძოლას ასახელებს.