საქართველომ ჭკუა ისწავლა. საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ჩვენი თავის პატრონები ჩვენ ვართ, ყველა თავისი ინტერესებით მოქმედებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ხანია, ქართველმა ხალხმა საერთაშორისო პოლიტიკის არსი გაშიფრა.
„ღირებულებები, რომლებზეც საუბრობენ, მაშინ არის ღირებულებები, როდესაც მათთვისაა მისაღები. მათთვის სასარგებლო როცა არ არის, მაშინ ეს ღირებულებები ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესების ტერმინებით იფარება. ამის გამო, თავის დროზე, 2022 წელს ესკალაციას არ ავყევით, თორემ დღეს ნაომარი და დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით. ამ გადმოსახედიდან შევხედავდით, ნელ-ნელა როგორ ჩაეხუტებიან რუსეთს ისევ, როგორც 2008 წელს ჩაეხუტნენ. გადატვირთვა ჰქონდათ, გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ხელი, ეკონომიკური პროექტები დაიწყეს და რუსეთი ყველაფერში ისე ჩართეს, თითქოს ჩვენი ომი არ ყოფილა. საქართველომ ამ ყველაფრისგან ჭკუა ისწავლა – რაც საუკუნეებია, ისედაც ვიცით, რომ საქმე-საქმეზე რომ მიდგება, ჩვენ ჩვენი თავის პატრონები ვართ, ჩვენი ინტერესებით სხვა არ მოქმედებს, ყველა თავისი ინტერესებით მოქმედებს. ჩვენი შედეგი ის იქნებოდა, რომ დანგრეულ ქვეყანას შევხედავდით. ჩვენი ინტერესით არცერთი ქვეყანა არ მოქმედებს. საქართველოს ხელისუფლება ერთადერთია, ვინც ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.











