ქართველ ხალხს თავად ევროკავშირმა უნდა დაანახოს, რომ დამაჯერებელია და სანდოა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერაში, , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„გუშინ თუ გუშინწინ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც თავად ევროკავშირმა ჩაატარა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში და მათ შორის, საქართველოში. ეს კვლევა ეხება საზოგადოების დამოკიდებულებას, ცოდნას ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ და ა.შ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რომ ამ კვლევამ როგორც აჩვენა, ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა საქართველოს მოსახლეობაში, შარშანდელთან შედარებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 11%-ით არის შემცირებული. ვფიქრობ, ეს არის იმ იმედგაცრუების ასახვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს ევროკავშირის მიმართ იმის გამო, რომ შარშან, ივნისში ჩვენ ვნახეთ ჩვეულებრივად უსამართლო გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.