„პოკემონის“ ფორმაში გამოწყობილი ჩვენი რადიკალები დაარწმუნეს იმაში, რომ ალტრუიზმი არის ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს თუ ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა. სინამდვილეში, ყველა ძალიან ცივსისხლიანად, ცივი გონებით მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებით. ახლაც ზუსტად ამას ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კრისტოფერ ლანდაუს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა; „ევროპაში ჩემს მოგზაურობასთან დაკავშირებით ვკითხე სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის ქვეყნებმა 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე, ადმინისტრაციაში დონალდ ტრამპის დაბრუნებამდე პერიოდში, რუსეთს მეტი თანხა მიაწოდეს თუ უკრაინას? გაკვირვებული დავრჩი, როდესაც პასუხი იყო: რუსეთი, და დიდი სხვაობით“.
მისი თქმით, „ცოტა ხნის წინ იგივე რიცხვები შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ევროკავშირს უკრაინისკენ მიმართულ თანხებზე გაცილებით მეტი ჰქონდა დახარჯული რუსეთის ეკონომიკაში“.
„ეს ხალხი და ევროკავშირი საყვედურს ჩვენ გვეუბნებოდა, რომ ქართველი გლეხი ღვინოს რუსეთში რატომ ყიდის და საქართველო ხორბალს რატომ ყიდულობს რუსეთიდან. ამას გვასყვედურობდნენ და თან ვინ? ესტონელები და ლიეტუველები, რომლებიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩვენზე მეტი ღვინო გააქვთ რუსეთში. ლიეტუვა ღვინოს არ აწარმოებს და ვისკის რომელიმე ესტონური ქარხანა გაგიგიათ ან ბრენდი? ჩვენ ეს ყველაფერი თავიდანვე დავინახეთ და სცენარი თავიდანვე წავიკითხეთ. გვაიძულებდნენ, რუსეთთან ესკალაციაზე წავსულიყავით, რასაც, სულ მცირე, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსი მოჰყვებოდა და ჩვენ მინუს 10-15 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა. ეს ყველაფერი რუსეთთან ახალ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევდა, ხოლო თავად რუსეთთან ვაჭრობაში იქნებოდნენ. დანგრეულ საქართველოზე კი იკითხავდნენ, კი მაგრამ, ვინ გიბიძგათ, ჩვენ რჩევა მოგეცით და დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტი იყოო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









