ერთადერთი გზა, რომ დემოკრატია ქართულ ოპოზიციურ სპექტრში განვითარდეს, არის ის, რომ დასუსტდეს „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით,  სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ სწავლობენ გაკვეთილს ვერც 10 წლის წინანდელი ისტორიისა და ვერც ბოლო 10 წლის ისტორიაზე და ყოველ ჯერზე მიდიან „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ.

„როცა ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამ შემთხვევაში, შედარებაც კი ადვილია, როდესაც ცალ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხარეს „ქართული ოცნება“.  გულაგების შემქმნელი პარტია, პარტია, რომელმაც არაფერი გააკეთა ამ ქვეყანაში გარდა იმისა, რომ ადამიანები დაჩაგრა და თუკი რამე ქვა ქვაზე დადო, ესეც ადამიანების ჩაგვრის შედეგად გააკეთა. ერთი მხრივ, ეს არის ჩვენთვის სასარგებლო, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის გამოწვევა, ჩვენი პოლიტიკური სისტემის, ამიტომაც ვამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტება კარგია ქართული დემოკრატიისთვის. ერთადერთი გზა, რომ დემოკრატია ქართულ ოპოზიციურ სპექტრში განვითარდეს, არის ის, რომ დასუსტდეს „ნაციონალური მოძრაობა“.

საქმე იმაშია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები ვერ სწავლობენ გაკვეთილს ვერც 10 წლის წინანდელი ისტორიისა და ვერც ბოლო 10 წლის ისტორიაზე და ყოველ ჯერზე მიდიან „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ. ეს არის მთავარი გაკვეთილი, რასაც ისინი ვერ სწავლობენ, ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერდნენ, მოძლიერდნენ და დაანახონ საზოგადოებას სხვაობა მათსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. ერთობლივ ბრიფინგეს აკეთებენ. ვიზუალურადაც კი არ ემიჯნებიან პარტიას, რომელმაც გულაგების სისტემა შექმნა. ვნახეთ ჩვენ, რომ შიდაპარტიული გადატრიალება როგორ და რანაირად მოხდა.

იმ ფაქტს, რომ ჯარის ფულის მომპარავი ადამიანი, რომელსაც მისჯილი აქვს ხუთი წელი, თავისუფლად გადაადგილდება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში, ამ ადამიანს აქვს ნეგატიური გავლენა როგორც პარტიულ ცხოვრებაზე, ისე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება, მეგობარმა ქვეყანამ ეს დაუშვას, რომ მისი ტერიტორიიდან ხდებოდეს პირდაპირი, ნეგატიური ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში და რადიკალიზმი.

რაც შეეხება მის გავლენებს, თავად აღიარებენ, რომ ის აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობს“, თავადვე აღიარა, რომ აფინანსებს არასამთავრობო სექტორს, ასევე ვიცით, რომ ის აფინანსებს ტელევიზიას. დაინტერესდით ახლა სადმე თუ ჩანს ეს ოფიციალურად, რომ ის აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას“, არასამთავრობო სექტორს. თუ არ ჩანს, აქედან დასკვნა, რომ ეს არის შავი ფული, რომელიც ტრიალებს პარტიულ და არასამთავრობო სექტორში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.