ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა, ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან და დაიმცირებენ თავს.

„მგონი, ეტყობა უკვე ოპოზიციას, რომ მათი საუბარი იმაზე, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ, იყო ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც სხვა დროსაც ისედაც აკეთებენ და საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი. ჩიხში დაიყენეს საკუთარი თავი, აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან და ამით დაიმცირებენ თავს. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ ღირსება არ აქვთ, როდესაც დგები სხვების სამსახურში, როდესაც ხარ უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში, აქ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, არის ღირსებაზე უარის თქმა. როცა დავალებებით, პატრონების მითითებებით მოქმედებს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ღირსება არ უნდა ვეძებოთ, ამიტომაც, როგორც ექნებათ დავალება, ზუსტად ისე მოიქცევიან, მათთვის ეს შინაგან დისკომფორტს არ იწვევს, რომ თავს დაიმცირებენ და როგორც თავადვე აქვთ შეფასებული, სუფებად შემოვლენ ამ პარლამენტში და ყველამ ეს კადრები აუცილებლად უნდა ნახოს, განსაკუთრებით მათმა ამომრჩეველმა. ჩვენ მათ ამომრჩევლებსაც ვაფრთხილებდით, ვისთან ჰქონდათ საქმე. საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომლებიც მოქმედებენ უცხო პატრონების დავალებით და ამ ხალხს არაფერი ქართული არ აინტერესებს, ეს კადრები უნდა ნახოს მათმა ამომრჩეველმა, როცა უარს არ იტყვიან მანდატზე და აღმოჩნდება კიდევ ერთხელ, რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან დღეს ოპოზიციაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიცია სპორტულ აფერისტობას ცდილობს, თითქოს განცხადებები აქვთ დაწერილი და ძალაში შესვლას ელოდებიან.

„კიდევ ერთხელ რომ განვმარტო პროცედურები, რაღაც სპორტულ აფერისტობას ცდილობენ, თითქოს განცხადებები დაწერილი აქვთ და მათ ძალაში შესვლას ელოდებიან. მე წარმოვადგინე კიდეც 2020 წლის მათი განცხადებები, რომლებიც უფლებამოსილების ცნობის შემდეგ იყო დაწერილი. 2020 წელს პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს იყო, მათი განცხადებები შემოვიდა 16, 17, 18 დეკემბერს. ახლაც ვნახავთ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, დღის მეორე ნახევარში, ყველა ნახავს, სინამდვილეში ვინ არის ოპოზიცია და კიდევ ერთხელ გამოჩნდება მათი სახე, რომ მანდატებზე უარს არ იტყვიან, განცხადებებს არ დაწერენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ საჯარო პირობა დადო, მათ შორის ქალბატონი სალომეს ჩართულობით, რომ მანდატებზე უარს იტყოდნენ, აი, დადგება 25 ნოემბერი და ყველა ნახავს მათ სამარცხვინო, უღირს სახეს, რომ ისინი არ დაწერენ განცხადებებს.ასე რომ, დაველოდოთ დაწერონ განცხადებები და მერე ნახავენ, რაც იქნება ჩვენი პასუხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.