საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე დაპირისპირებას, კერძოდ, ანა წითლიძესა და ნიკა გვარამიას შორის არსებულ ურთიერთბრალდებებსა და პოლიტიკურ მოსყიდვაზე დასმულ შეკითხვებს ეხმაურება. მისი შეფასებით, მიმდინარე პროცესები რადიკალური ოპოზიციის სრულ ფრუსტრაციასა და კრიზისზე მიუთითებს:

"თუკი ყველა მოსყიდული იყო, ვინღა დამარცხდა 2024 წლის არჩევნებში, მაშინ ეს გაგვაგებინონ. ძალიან კარგი პროცესი მიდის და ჩვენ ვართ ამისი გულშემატკივარი. ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ შხამიანი თესლიდან კეთილი ნაყოფი ვერ აღმოცენდება და ზუსტად ამ ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს. მას შემდეგ, რაც რადიკალური ოპოზიცია არის სრულ ფრუსტრაციაში, ვეღარ იღებენ გარედან დაფინანსებას, ვეღარ იღებენ იმ მხარდაჭერას, მათ შორის, პოლიტიკურს, რომელსაც იღებდნენ აქამდე, ქართველმა ხალხმა ზურგი შეაქცია, მათ შორის, თავისმა მხარდამჭერებმა - აი, ეს ფრუსტრაციის შედეგია, როდესაც ისინი უკვე ავლენენ თავის ჭეშმარიტ ზნეს. ქართველო ხალხო, შეხედეთ: აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც თავს პროევროპულს ეძახის, აი, ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურე არის ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.