ოპოზიცია შევა არჩევნებში, დამარცხდება, არ შევა – დამარცხდება, მათი ბოლო ერთი და იგივეა, ეს არის მთავარი დილემა, რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ჩიხში თავად ჩაიგდო თავი.
„ერთად, ცალ-ცალკე, პირველ მეორეზე გათვლით, თუ მეორე პირველზე გათვლით, მნიშვნელობა არ აქვს, ასეც და ისეც, რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არის მათი მთავარი დილემა. ვერ გაუგიათ, დაყვეს ოთხი ბარიერგადალახული პარტია, ორს აღებინებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ორი არ იღებს მონაწილეობას, რათა ყველა ოფცია მოსინჯონ. სინამდვილეში, მთავარი დილემა, რაც დღეს რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს საზღვარგარეთ აქვს, არის ის, რომ შევლენ არჩევნებში, დამარცხდებიან, არ შევლენ, დამარცხდებიან. ანუ, მათი ბოლო ერთი და იგივე. ამ დილემაში, ჩიხში თავის თავი თვითონ ჩაიგდეს. უფრო სწორედ, მათმა პატრონებმა ჩააგდეს ამ მდგომარეობაში. ზოგიერთ ელჩს რომ უსმენდნენ და მანდატებზე უარი თქვეს, ახლა მივიდნენ და იმ ელჩს მოჰკითხონ პასუხი; ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს რომ უსმენდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს, წავიდნენ ახლა და იმ ევროპელ ბიუროკრატებს მოჰკითხონ, რატომ შეიყვანეს ამ ადგილში. ეს არის ბედი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც სხვისი ვასალი ხდება. ზუსტად, როგორც ვასალს ექცევიან, ისე მოექცნენ, საბოლოო ჯამში, რადიკალურ ოპოზიციას. ხედავთ, რომ ჩვეულებრივად თოჯინებივით ათამაშებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.