ოპოზიცია ემალება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს, გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში პოზიცია არ დაეფიქსირებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გააუქმებენ გარკვეულ კანონებს, მათ შორის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს.
„როგორც ნახეთ, ოპოზიცია ემალება ამ საკითხს, ისინი გაიპარნენ სხდომათა დარბაზიდან, რათა კენჭისყრაში საკუთარი პოზიცია არ დაეფიქსირებინათ. იმ შემთხვევაში, თუ მხარს დაუჭერდნენ ამ კანონს, გააბრაზებდნენ თავიანთ გარე მფარველებს და იმ შემთხვევაში, თუ მხარს არ დაუჭერდნენ, რა თქმა უნდა, წავიდოდნენ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მიმდინარე წლის 17 მაისს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში გამოვიდა საქართველოს მილიონამდე მოქალაქე, რომლებმაც ამ კანონთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.