ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ევროკავშირი დღემდე არ იჯდა, ეს არის სრულად ევროკავშირის უმწიფარი საგარეო პოლიტიკის დამსახურება და ქალბატონ კალასს ამაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინის საკითხზე რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას.
შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის საგარეო წარმომადგენელთან ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანსაც კი არ ჰქონია ორმხრივი შეხვედრა.
„ეს არის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმწიფრობა, რომლის გამოც გამოწვევა არ არის მხოლოდ ის, რომ შეიძლება, რუსეთს არ უნდოდეს ზოგიერთ წარმომადგენელთან მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა. ვხედავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციაც დღემდე გაურბის პირდაპირ შეხვედრებს - გავიდა უკვე ორი წელი, რაც ახალია ადმინისტრაცია არის და დღემდე არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა და ევროკავშირის საგარეო წარმომადგენლის ორმხრივი შეხვედრა.
საგარეო წარმომადგენლის მიმართ უნდობლობა თავად შიგნით ევროკავშირშიც არის. ჩვენ ვნახეთ, რომ აბუ-დაბის მოლაპარაკების რაუნდების შემდეგ ამერიკელი მომლაპარაკებლები იყვნენ მოსკოვში, შემდეგ დუბლინში ჩავიდნენ და განაცხადეს, რომ შემდეგ რაუნდზე უკვე სავარაუდოდ, ევროკავშირის წარმომადგენლებიც იქნებიან. თუმცა, ვინ იქნება, დღემდე არ არის ცნობილი. ქალბატონი კალასი ამბობს, რომ ის უნდა იყოს წარმომადგენელი, მაგრამ ვიცით, რომ შიგნით ამაზე არ არის თანხმობა - ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ, რომ ქალბატონმა კალასმა წარმოადგინოს ევროკავშირი ასეთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში. ვხედავთ, რომ ხან ფინეთის პრეზიდენტია ჩართული, ხან - ნორვეგიის, შემდეგ ერთმანეთს საყვედურობენ და ასე შემდეგ. ეს არის საერთო ჯამში უმწიფარი საგარეო პოლიტიკის სურათი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისი შეფასებით, მოლაპარაკების მაგიდასთან თუკი ვინმეს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება აქვს, ეს არის სწორედ უკრაინა.
„რაც შეეხება თავად ამ პრეტენზიას, რომელიც ქალბატონი კალასისგან მოვისმინეთ, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხები წყდება და ამიტომ ჩვენ იქ უნდა ვიყოთო. მოლაპარაკების მაგიდასთან მხარე არის უკრაინა და რა გამოდის - უკრაინას ანდობენ ევროკავშირის ტერიტორია თავისი სისხლით დაიცვას და არ ანდობენ, რომ ევროკავშირის ინტერესები სიტყვით დაიცვას? იმ მაგიდასთან თუკი ვინმეს აქვს ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრის უფლება, არის სწორედ უკრაინა - მან სისხლით დაიმსახურა ეს უფლება, ისაუბროს ევროპის უსაფრთხოებაზე, შესაძლო გადაწყვეტის საკითხებზე, მომავალ უსაფრთხოების სისტემაზე. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არც ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრიათ ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნაში მონაწილეობის მიღების დასამსახურებლად. არც ერთი წვეთი სისხლი არ დაუღვრია არც ესტონელს, არც ფრანგს, არც გერმანელს. სისხლი დაღვარა უკრაინამ სწორედ იმისთვის, რომ როცა საქმე შეეხება ევროპის მომავალ უსაფრთხოების სისტემას, მან გადამწყვეტი სიტყვა თქვას და მისი პოზიცია და პირობები იყოს გადამწყვეტი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.









