ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქ ჩანს ევროკავშირის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და არაერთი ფაქტი ყოფილა, რომელიც ადასტურებს ფარისველობას, რომელსაც ჩვენ ევროკაშირისგან ვხედავთ საქართველოს მიმართ. ერთი მხრივ, ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან, მოგვიწოდებდნენ, ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ეკონომიკის სხვადასხვა სფერო. განსაკუთრებით, მათ შორის, მეღვინეობა, სოფლის მეურნეობა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლიტვა იყო ყველაზე დიდი ღვინის ექსპორტიორი მთელ მსოფლიოში, რუსეთში. ახლაც ამას ვხედავთ, ნავთობპროდუქტებთან და ენერგორესურსებთან დაკავშირებით, იქნება გაზი თუ ნავთობი, როგორ ცდილობდნენ საქართველოს დაყოლიებას, რომ არ მომხდარიყო იაფი ენერგორესურსების შეწყიდვა რუსეთიდან, აგვეკრძალა ჩვენი ბიზნესისთვის საწვავი და სხვა ენერგომატარებლები შემოეტანათ. ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, მთელი ჩვენი ვაჭრობა, რაც არის წელიწადში, თვენახევარში უხდიან ისინი რუსეთს მარტო თხევად გაზში. რუსეთიდან იმპორტი ჩვენთან წელიწადში არის დაახლოებით მილიარდნახევარზე ცოტა მეტი. ერთ მილიარდს მარტო თხევად გაზში უხდის ევროკაშირი რუსეთს. აქაც ჩანს ის ფარისევლობა, რომლითაც, ერთი მხრივ, მათი საჯარო განცხადებები და მეორე მხრივ, მათი კონკრეტული ქმედებებია გამოაშკარავებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ევრონიუსი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის პირველ ათ თვეში ევროკავშირმა არქტიკიდან მიღებულ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 8.7 მილიარდ ევრომდე დახარჯა, რაც 21%-ით აღემატება 2025 წლისთვის ნავარაუდევ მთლიან დანახარჯს.








