ამ დღეებში, ამ ტრაგედიის წინაშე თურქ ხალხთან ერთად ვდგავართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს საჯაროდ მიუსამძიმრა.

„მინდა, გამოვხატო ჩემი მწუხარება საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით. გუშინ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მივუსამძიმრე საჯაროდ და ვიზიარებთ ამ მწუხარებას. ამ დღეებში ვდგავართ თურქ ხალხთან ერთად, ამ ტრაგედიის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.