ცოტა მიკვირს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსარჩლება ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან - ვისურვებდი, განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორები ფრთხილად იყვნენ აქ, არ იყოს აღქმული, როგორც ჩარევა სამართლებრივ პროცედურებში, დემოკრატიულ პროცესში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„შეგახსენებთ, საქმეს „ოჩიგავა საქართველოს“ წინააღმდეგ, რომელიც 1 წლის წინ მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. პირდაპირ თქვა სტრასბურგის სასამართლომ, რომ საქართველოში, ციხეებში იყო შექმნილი წამების სისტემა. სისტემური წამება იყო!
ამას ქმნიდა „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია. ამიტომ, ცოტა მიკვირს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ გამოსარჩლება ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. ვისურვებდი, ყველა დემოკრატიული და სამართლებრივი მექანიზმების ერთგული ვიყოთ. მათ შორის, პარტიების რეგისტრაცია გააუქმა უკრაინის ხელისუფლებამ უკრაინაში, ასევე მოლდოვაში. ეს არის სამართლებრივი პროცესის ნაწილი. საჯარო და ღია პროცესზე ვსაუბრობთ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით. საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, თუმცა ვხედავთ, რომ ბოლო მოვლენებით, უძღები შვილებივით უკან დაბრუნდნენ ვაშაძე, დეკანოიძე და სხვები „ნაციონალურ მოძრაობაში“, სინამდვილეში ტექნიკური დაშლები არაფერს ნიშნავს, კვლავ „ნაციონალურ მოძრაობის“ ნაწილები არიან.
მთავარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია და იდეოლოგია გასამართლდეს საქართველოში. ვისურვებდი, განსაკუთრებით უცხოელი პარტნიორები ფრთხილად იყვნენ აქ, არ იყოს აღქმული, როგორც ჩარევა სამართლებრივ პროცედურებში, დემოკრატიულ პროცესში.
ჩვენ ოპონენტებს არ ვარჩევთ და ვირჩევთ. ეს საზოგადოების გადასაწყვეტია, ვინ ვისი ოპონენტი უნდა იყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ კრიმინალების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ასეა ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.