როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი საბოლოო ჯამში, რომ საკუთარი მოსახლეობის მხრიდან აქვთ ნდობის კრიზისი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გერმანიაში მიმდინარე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერსაც ვერ ლახავს, ეს თავისთავად აჩვენებს, რამხელა პოლიტიკური კრიზისია გერმანიაში.
„ბოლო რაც ვიცი შედეგები, 4,9 არის ქრისტიან-დემოკრატების, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო ბარიერიც კი ვერ გადალახა ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გერმანიის ხელისუფლებისადმი. როდესაც მმართველი პარტია საარჩევნო ბარიერსაც ვერ ლახავს, ეს თავისთავად აჩვენებს, რამხელა პოლიტიკური კრიზისი არის შექმნილი გერმანიაში.
რა თქმა უნდა, მთავარი ბრალი მიუძღვის ხელისუფლებას, როგორ გამოვა ის ამ კრიზისიდან და ამ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს და ნდობის კრიზისს ხელისუფლების მიმართ, როგორ დაძლევს, ეს მათ ხელში არი. არ მინდა, დავემსგავსო ზოგიერთ გერმანელ პოლიტიკოსს და ჩავერიო სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. მაგრამ ჩვენ ვხედავთ ანარეკლს. როდესაც ხელისუფლება დაკავებულია სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, ის ვეღარ იცლის საკუთარი შიდა საქმეებისთვის და ეს არის შედეგი საბოლოო ჯამში, რომ საკუთარი მოსახლეობის მხრიდან აქვთ ნდობის კრიზისი. მათ შორის არამხოლოდ მეკლებურგში და საქსონიაში, მანამდე რაც იყო, სადაც დამარცხდნენ სრულად. ასევე ბერლინში. ბერლინის შედეგებიც მნიშვნელოვანია, სადაც ლინკეერის ჯგუფმა, მემარცხენეებმა გაიმარჯვეს. შეიძლება, საზოგადოება გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებას ისე არ იცნობს, მაგრამ, როგორც დღეს, AFD-სთან დაკავშირებული დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას, რომ მათ პრორუსებად რაცხავენ და კეთროვანებად ჰყავთ გამოცხადებული, რომელთანაც არ შეიძლება კოალიციაში შესვლა და ხელისუფლების ბერკეტის მიცემა. ზუსტად ასე კეთროვანად ჰყავდათ გამოცხადებული ლინკეერი, ეს მემარცხენე ჯგუფი, მათ ეძახდნენ შტაზის ხალხს, გედეერის, ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლებს და შტაზის ხალხს. ასევე კეთროვანად ჰყავდათ გამოცხადებული და აი, მიიღეს შედეგი ამ მიწებში, რომ ყველგან პირველ ადგილზე გავიდნენ ლინკეერი იქნება თუ AFD. ეს არის შედეგი, როდესაც საკუთარი საზოგადოების წუხილების მოსმენის ნაცვლად, დაკავებული ხარ სხვა საზოგადოების შიდა საქმეებში ჩარევით.“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










