ხედვამ, რომ „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“ დიდად დააზიანა ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლად იქცნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოქვეყნებულ წერილში წერს, სადაც ვრცლად საუბრობს  იმ მიდგომების შესახებ, რატომ არ უნდა დააყენოს საქართველოსთან ურთიერთობებში დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა:

რატომ არ უნდა დააყენოს დასავლეთმა აღქმები ფაქტებზე მაღლა საქართველოსთან ურთიერთობებში

ხედვამ, რომ „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“ დიდად დააზიანა ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის მსხვერპლად იქცნენ.

სააკაშვილმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის ყოფილმა საჯარო მოხელემ, ახლახანს ქართულ პოლიტიკაში „დაბრუნების“ შესახებ განაცხადა. ეს დრამატული განცხადება გააკეთა ბრალდებების ფონზე, რომ ის ბოლო თვეებში „სასიკვდილო სარეცელზე“ იწვა.

დავიწყოთ იმით, რომ ის არასდროს ყოფილა სერიოზულად ავად და არც არასდროს დაუტოვებია ქართული პოლიტიკა. ასევე, მისი „დაბრუნება“ სრულიად არაფრისმომცემია. თუმცა, ამ მარტივი ჭეშმარიტებების გარდა, ეს პოლიტიკური ნაბიჯი ქართული პოლიტიკის ერთი დიდი პრობლემის მანიშნებელია: ტყუილების მასშტაბისა, რომლებიც შემდგომში გადაიზრდება ხოლმე ქართული დემოკრატიის „უკუსვლის“ შესახებ აღქმებში.

ჩვენს პარტნიორებს ხშირად უკვირთ, თუ რატომ არის ასეთი შესამჩნევი სხვაობა საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და ქვეყნის შესახებ საზღვარგარეთ არსებულ (ცრუ) აღქმებს შორის. ფაქტია, რომ წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული განვითარების კუთხით. თუმცა, ოპოზიციის პოლიტიკური რადიკალიზმით ჩამოყალიბებული საგარეო იმიჯი აუფერულებს ქართველი ხალხისა და მთავრობის ბევრ მიღწევას.

როგორ უნდა ავხსნათ ეს სხვაობა აღქმებსა და რეალობას შორის? ხელისუფლების განმარტება, რომ ცრუ აღქმები, ძირითადად, რადიკალების წინასწარ განზრახული და კარგად კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანიის შედეგია, როგორც ჩანს, არ არის დამაჯერებელი ჩვენი დასავლელი სკეპტიკოსებისთვის. დეზინფორმაციის მასშტაბის გამო, ჩვენს ზოგიერთ დასავლელ პარტნიორს უჭირს იმის დაჯერება, რამდენად მწირი რეალობა დევს მასიური ანტი-სამთავრობო ცილისწამების კამპანიის უკან. მთავრობის ხელში არსებული ერთადერთი ინსტრუმენტი დეზინფორმაციასთან გასამკლავებლად ავტორიტეტული რეიტინგებისა და გამოკითხვების შედეგებია, რომლებიც საქართველოს პროგრესსა და მთავრობისადმი ხალხის მხარდაჭერას წარმოაჩენს. თუმცა, ჩვენი პარტნიორები ხშირად გვეუბნებიან ფრაზას, რომელიც საქართველოს საგარეო ურთიერთობების სამწუხარო მანტრად იქცა: „აღქმები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტები“.

დღესდღეობით, სააკაშვილის „გამოჯანმრთელებითა“ და „დაბრუნებით“ გვეძლევა უნიკალური შემთხვევა, რომელიც წარმოაჩენს, თუ რამდენად მასიური და კარგად კოორდინირებულია საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული მანქანა.

ვნახოთ, რა არის ფაქტები: წელიწად-ნახევარზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც 2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილმა უკანონოდ შემოაღწია საქართველოს ტერიტორიაზე. ის დაკავებულ იქნა ორი დანაშაულის გამო, რომლებიც ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა. 2018 წლისთვის მას სასჯელი საქართველოს სასამართლოების სამივე ინსტანციის მიერ უკვე ჰქონდა მისჯილი. სააკაშვილის დაკავებიდან მცირე დროში მომრავლდა სპეკულაციები მისი ჯანმრთელობის შესახებ. ის ციხიდან გადაიყვანეს კომფორტულ პენიტენციურ კლინიკაში, სადაც იგი უზრუნველყოფილი იყო ძალიან კარგი სამედიცინო დახმარებითა და წვდომით არა მხოლოდ ოჯახთან, არამედ პოლიტიკურ ქვეშევრდომებთანაც. თავად სააკაშვილი, მისი ოჯახი, რადიკალური ქართველი და უცხოელი მხარდამჭერები, დაქვემდებარებული პოლიტიკური მედია და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი „სიკვდილის პირას“ იყო ბევრი უკურნებელი დაავადებით, მათ შორის, დემენციით, კახექსიით, დეპრესიითა და სხვა. ამ ბრალდებებიდან ყველაზე მძიმე იყო სააკაშვილის „მოწამვლაში“ საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, რასაც პარალელები უნდა გაევლო კრემლის მიერ პოლიტიკური ოპონენტებისადმი გამოყენებულ მეთოდებზე.უცხოეთის რეაქცია მოცულობითი და ხმამაღალი იყო: ევროპული დიპლომატები დემარშით მივიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრთან; ევროპული პარლამენტის სამმა რეზოლუციამ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეეწყვიტა სააკაშვილისადმი არასათანადო მოპყრობა; რუსმა ადამიანის უფლებათა აქტივისტებმა სააკაშვილის შემთხვევა თავიანთ დღის წესრიგში შეიტანეს და მაგნიტსკის აქტის ავტორები მის თავგამოდებულ დამცველებად იქცნენ; უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა თავიანთი სოლიდარობა გამოხატეს; უამრავი სტატია დაიბეჭდა უცხოურ პრესაში, ცნობილმა სატელევიზიო კომპანიებმა და გამოცემებმა კი აღნიშნული „პრობლემა“ გააშუქეს. ქვეყნის შიგნით, სააკაშვილის ფრთის ქვეშ მყოფმა რადიკალურმა პარტიებმა მისი ჯანმრთელობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის წამყვან საკითხად აქციეს. იყო ადამიანების ფართო ჯგუფების მობილიზების არაერთი მცდელობა სააკაშვილისადმი სოლიდარობის გამოსახატავად. მისმა მხარდამჭერებმა კლინიკიდან სააკაშვილის იძულებითი გამოყვანის გეგმებიც კი დასახეს. თუმცა, ხალხი არც ერთხელ არ მივიდა დემონსტრაციაზე იმიტომ, რომ ქართველებს, ზოგიერთი უცხოელისგან განსხვავებით, უკვე დიდი ხანია, სააკაშვილის აღარ სჯერათ. საქართველოს მთავრობამ ისე იმოქმედა, როგორც უნდა ემოქმედა: შესაბამისმა უწყებებმა არაერთხელ დაარწმუნეს საზოგადოება და უცხოელი პოლიტიკოსები, რომ სააკაშვილის პატიმრობის პირობები მის საჭიროებებს პასუხობდა. მთავრობამ დროულად მოიგერია ყველა ბრალდება. წარდგენილ იქნა მტკიცებულებები სააკაშვილის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის, ასევე, თვითდაზიანების მუდმივი მცდელობების შესახებ, რომლებსაც სააკაშვილი ხელისუფლების მიერ მისთვის ზიანის მიყენებად ასაღებდა. თუმცა, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, არასათანადო მოპყრობის შესახებ აღქმა კვლავ არსებობდა, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. მოგვიანებით, სიმართლეს თანდათან ფარდა აეხადა. პირველი დიდი გამომჟღავნება ამერიკაში უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) წყალობით მოხდა, როდესაც იურიდიულ კომპანია „აკერმანსა“ და საზოგადოებასთან ურთიერთობების კომპანიასთან სააკაშვილის ოჯახის მიერ დადებული კონტრაქტები გამოქვეყნდა. ისინი, სააკაშვილის სახელით, მთელს მსოფლიოში მის გათავისუფლებას ლობირებდნენ. ამ საქმისთვის გადახდილი თანხა კოლოსალური იყო ქართული პოლიტიკისთვის - თითქმის მილიონნახევარი აშშ დოლარი. ამ კონტრაქტებმა გამოაშკარავა კანონიერი დაკავებიდან სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებული ლობიზმის მასშტაბი და კოორდინაციის მცდელობები. შემდეგ, სულ ახლახანს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის მოთხოვნა მის საზღვარგარეთ (ან სხვა დაწესებულებაში) სამედიცინო მკურნალობისთვის გადაყვანის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მკაფიო და ხმამაღალი ვერდიქტი არასათანადო მოპყრობათან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისადმი არსებული ბრალდებების წინააღმდეგ. მან ქვეყნის შიგნით გააჩუმა ბევრი რადიკალური ხმა და შეამცირა სააკაშვილის არასათანადო მოპყრობის შესახებ არასწორი აღქმები.

ბოლოს კი, სააკაშვილმა თავად დამარხა საკუთარი რეპუტაცია, როდესაც მოულოდნელად აქტიური პოლიტიკური საქმიანობისთვის მზაობა გამოაცხადა და რადიკალურ ოპოზიციურ ძალებს საქართველოს კანონიერი მთავრობის მოშორებისთვის „ერთიანობისკენ“ მოუწოდა. რასაკვირველია, ამ საბოლოო ნაბიჯმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა ის პოლიტიკოსები, საქართველოს შიგნითა და გარეთ, რომლებიც განგაშის ზარს რეკავდნენ მთავრობის მიერ სააკაშვილის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ან, კიდევ უარესი, ადანაშაულებდნენ მთავრობას სააკაშვილისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებაში. მაგრამ რა შედეგი მივიღეთ საბოლოოდ? დიდმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ, რომელიც, რაც არ უნდა ირონიული იყოს, მომდინარეობდა არა ჩრდილოეთიდან, როგორც მოსალოდნელია ხოლმე, არამედ - დასავლეთიდან, მსოფლიო დონეზე შელახა საქართველოს რეპუტაცია. ეს დეზინფორმაცია, რომელიც ადგილობრივ და საგარეო აქტორებს შორის ურთიერთობით იქმნებოდა და ვრცელდებოდა, თვეების განმავლობაში არყევდა ჩვენს სახელმწიფოს მაშინ, როდესაც საქართველოს ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემები ჰქონდა მოსაგვარებელი როგორც გეოპოლიტიკურად, ისე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.

უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გაიმეორეს და გააზიარეს ეს დეზინფორმაცია, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, წვლილი შეიტანეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დამაზიანებელ კამპანიაში. ზოგიერთ ამ პოლიტიკოსს, განსაკუთრებით, ევროპარლამენტიდან, ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე.

საერთო ჯამში, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თაღლითობის მასშტაბი და მისი პოლიტიკური შედეგები აჩვენებს ორ რამეს: პირველი, საზღვარი არ აქვს საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ტყუილებს. მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები იოლად ექვემდებარებიან მცდარ აღქმებს, რაც ძირს უთხრის ნდობას ჩვენს ურთიერთობებში.