ოპოზიციური მედია უცხო ქვეყნის მიზნებს ემსახურება და არა, საქართველოს, უნდათ, აჩვენონ, თითქოს საქართველოს მიმართ რისკები არ არსებობდა, ვისაც უნდა, რომ თავი ასე დაიბრმაოს და სპეკულაციებს მიმართოს, ერთ რამეს ვეტყვი – მშვენიერი, ქართული ფილმია „რეკორდი“, სადაც დურუ ხუნჭუას ეუბნებიან, მდინარის მეორე პირას მყოფ ადამიანს შეაგინოს, რათა მან ქვა ესროლოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ელჩი დეგნანი ერთადერთი ადამიანი არ იყო, ვინც საქართველოს მოუწოდებდა ესკალაცია მოეხდინა.
„ეს უცხოეთის მაამებელი პროპაგანდისტები სინამდვილეში რას ამბობენ? ადამიანს რომ უთხრა, წადი და ვიღაცას შეაგინეო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩხუბში ითრევ ვიღაცასთან? აბა, რას ნიშნავს, როცა ადამიანს ეუბნები, რომ წადი, ესკალაციაზე, გამძაფრებაზე, გამწვავებაზე. თან იმ ქვეყანასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინგენტზე ყველაზე დიდი ომი დაიწყო და დამთხვევაა თუ არადამთხვევა, ასე აღმოჩნდა, რომ იგივე ქვეყანაა, რომელსაც საქართველოს დედაქალაქიდან 30 კილომეტრში ტანკები უყენია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვინმეს უნდა, რომ ქართველი ხალხი ასეთი შტერი ეგონოს, ფიქრობს, როცა დიდი ქვეყნის წარმომადგენელი მოდის და გეუბნება, რომ წადი, შეაგინე, სანქციები დააწესე, ესკალაცია დაიწყეო, ამის უკან იმის გააზრება არ დგას, რომ ეს პირდაპირ კონფლიქტში შესვლას ნიშნავს. ქალბატონო დეგნანი ერთადერთი ადამიანი არ იყო, ვინმეს თუ ჰგონია, რომ მიამიტურად ამბობდა სანქციები დააწესეთო და ვერ ხვდებოდა, ეს რას ნიშნავდა, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვეგონეთ შტერები, რომ ამ გულუბრყვილობას დავიჯერებდით. არაერთხელ მაქვს ნათქვამი და არა მხოლოდ მისთვის, არამედ ზოგიერთი ევროპელისთვის, როცა ჩვენს მიმართ ეს მოწოდებები ისმოდა ხოლმე, რომ გულზე მჯიღი უნდა დაგვერტყა, ჩაგვეკეტა ცა, შეგვეზღუდა ვიზები. ქსენოფობიური კამპანია გახსოვთ, რომელშიც ზოგიერთი ელჩი იყო ჩართული. ახლა უნდათ, ამტკიცონ, რომ ჩემთვის ვიღაცას მაინც და მაინც ავტომატი უნდა შეეჩეჩებინა. ეს 28 თებერვალს ეხებოდა. გახსოვთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ 29 დეკემბერს ამირჩიეს. ჩემთან რა საუბარიც ჰქონდა, ერთია, მაგრამ სხვაგან რა საუბარიც ჰქონდა, ეს სხვებთან იკითხონ და ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ პასუხს მიიღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ო’ბრაიენსაც ესაუბრა და უთხრა, რომ მსგავსი ქმედება არ შეესაბამებოდა სტრატეგიული პარტნიორის ქცევას.
„სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ო’ბრაიენს ვუთხარი, რომელიც შარშან თბილისში იყო – ეს იყო სტრატეგიული პარტნიორის ქცევა, როცა მათი ელჩი ამ ყველაფერს მოგვიწოდებდა მაშინ, როცა გაგანია ომი იყო, ომი რამდენიმე დღის დაწყებული იყო და რუსეთი კიევს რომ მიმდგარი იყო და კაციშვილმა არ იცოდა, რა მოხდებოდა. მას ვკითხე, ეს იყო სტრატეგიული პარტნიორობა და გონივრული, რომ ჩვენგან რუსეთთან ესკალაცია მოეთხოვათ? – ამაზე მითხრა, შეიძლება, იმ დროს ცოტა შეგვეშალა, რომ ცოტა ზედმეტები მოვითხოვეთო. ამაზე ჩემი პასუხი იყო – თქვენ რომ შეგეშალათ, ჩვენ ამ შეშლაზე დაგვეჯერებინა, დღეს ვისი ტანკი იქნებოდა საქართველოში და ამ ქვეყნისგან საერთოდ რა იქნებოდა, დარჩენილი და სად არის პასუხისმგებლობა, ვინ იღებს-თქო. მაშინ, კაბინეტებში მათი მაამებლები დახვდებოდნენ, რომლებიც თავს დაუკრავდნენ ბომბების წვიმაზე, ცალ ფეხზე დადგებოდნენ და იტყოდნენ, რომ ოღონდ, თქვენ ტაში დაგვიკარით, რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, საზღვრებს ჩავკეტავთ, რუსებს აქედან გავყრითო. ამ შემთხვევაში საქართველო ისე დაინგრეოდა, როგორც უკრაინა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.








