ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტის პოზიციით, რომელმაც გუშინ, ვნახეთ, რომ გარკვეულწილად რომანტიზება მოახდინა ამ ძალადობისა, როდესაც მან ერთ-ერთი ვიდეო დადო და აღწერა, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე „თინეიჯერები“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გაზიარებულ ვიდეოს, სადაც ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ახალგაზრდები პოლიციის სირენების ფონზე ცეკვავდნენ.

„როდესაც პრეზიდენტი ამის რომანტიზებას ახდენს, როგორც სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერებისა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც პრეზიდენტს პარლამენტის მიმართ უნდა ჰქონდეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვალდებული ვარ ამას ხაზი გავუსვა. მიუხედავად იმისა, რა ემოციური დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს ამა თუ იმ ადამიანს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტს ამა თუ იმ საკითხის მიმართ, ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია და როდესაც ხდება პარლამენტის ძალადობრივი დაზიანება და პოლიციელებზე შეტევა და მიმდინარეობს წესრიგის აღდგენის ოპერაცია, საპოლიციო ღონისძიება, პრეზიდენტისგან რასაც მოელის ქართველი ხალხი არის ის, რომ მან ყველას მშვიდობისკენ მოუწოდოს და არა, პირიქით, გარკვეული რომანტიზებით წაახალისოს პოლიციის მიმართ უფრო მეტი დაუმორჩილებლობა, რომელიც სწორედ წესრიგს აღდგენისკენაა მოწადინებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, თუ რამდენად პროფესიულად იცავდნენ როგორც აქციის მონაწილეებს,ისე პარლამენტის შენობას.

"ეს ორი დღე, რა თქმა უნდა, მძიმე დღე იყო მათთვისაც. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსაც, რომლებიც გათენებამდე შენობაშიც იმყოფებოდნენ. მათ შორის, ჩამტვრეულ ფანჯრებსა თუ მოლოტოვის კოქტეილებზე პირველი რეაგირება ჩვენი აპარატის თანამშრომლებს უწევდათ, მანდატურის თანამშრომლებს და მათაც მოუწიათ საპოლიციო ღონისძიების დროს გამოყენებული გაზის ჩასუნთქვა", - განაცხადა პაპუაშვილმა.