პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად გვარამია - მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების“ პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ. მისი თქმით, გვარამიას შეწყალება მოხდა ევროპელი ლიდერების ჩართულობის შედეგად, რადგან ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლება დეპოლარიზაციას მოიტანდა, თუმცა როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ აქტმა პირიქით ქართულ პოლიტიკაში მეტი პოლარიზაცია მოიტანა, ამის ერთ-ერთი გამოხატულება კი სწორედ პარტიის წარმომადგენლების მიერ წინასაარჩევნო პროცესისთვის ხელშეშლაა.
„ვხედავთ, რომ ოპოზიციის მხრიდან არის მივარდნები, იცით ზუგდიდში იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ჩვენი დელეგატებისთვის და ახლა ვნახეთ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რომელშიც ჩართული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოშია. ესაა ის მორალი, რომლითაც მუშაობს მელია-გვარამია ჯგუფი. ეს ის მომენტებია, როდესაც უნდა გავიხსენოთ აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადება, ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებები, როდესაც გვარამიას შეწყალება მოხდა. მაშინ ეს იყო ევროკავშირის მაღალჩინოსანთა ჩარევის და ზეწოლის შედეგი ის, რომ გვარამია შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. ეს მაშინ შეგვიფუთეს ისე, როგორც დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუ პლაკატების ჩამოხევა არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ვერ ვთანხმდებით რა არის დეპოლარიზაცია; თუ საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნებია ევროკავშირის თვალში დეპოლარიზაცია, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით რა არის დეპოლარიზაცია. ამიტომ, ეს არის ის მავნე შედეგები, რომელიც დგება გარე ჩარევის შედეგად საქართველოში და პასუხისმგებელი არავინ არის. სად არიან ის ელჩები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც გვარამიას შეწყალებას იწონებდნენ და ტვიტს ტვიტზე წერდნენ რომ დეპოლარიზაცია მოხდებოდა. ასეთ რადიკალებს როდესაც ისინი ხელს აფარებდნენ და გულში იხუტებენ, აზიანებენ ქართველი ხალხის ინტერესებს და აზიანებენ ისე, რომ ამაზე აღარც წუხან და ბოდიშსაც აღარ იხდიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
გვარამია-მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ქართული ოცნების“ პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ. ამის ამსახველი ვიდეო „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა.