საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როცა საქმე ეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ტერიტორიას, აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილებები თვითნებურად არ უნდა მიიღოს.

როგორც პაპუაშვილმა ჩორჩანას საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, გიორგი გახარიამ თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად მიიღო ის შედეგი, რაზეც მას სუს-ი აფრთხილებდა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოტივები ამოძრავებდა გიორგი გახარიას.

„ამ საკითხს ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, როგორც მოქალაქისთვის. 2019 წელს ამ პროცესს ვუყურებდი, როგორც მოქალაქე. მახსოვს, გახარია და მისი ქემოკლიძეები ყელყელაობდნენ, აი, რა მაგრები ვართ, ავდექით, ჯიხური დავდგით და საქართველოს ტერიტორია კითხვის ქვეშ არ დადგაო. ეს იყო ის, რაც მაშინ, როგორც მოქალაქემ გავიგე. ახლა ნელ-ნელა ირკვევა, რომ არათუ ტერიტორიები დაიცვეს, არამედ მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი დაკარგეს საქართველოს ეფექტური კონტროლიდან. ვისმენთ მოსახლეობის კომენტარებს და აღწერას, რომ იქ, სადაც მანამდე შესვლის შესაძლებლობა ჰქონდათ და რომელიც იმ წარმოსახვითი ხაზის მიღმა იყო, რომელზეც დღეს საოკუპაციო ძალა მავთულხლართებს აგებს, მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდებოდა და დღეს ვერ გადაადგილდება. ვისმენთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილებები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ერთპიროვნულად მიიღო და იქ საგუშაგო ჯიხური დადგა. ეს არ არის ჯიხურის დადგმა ნავთლუღში, საქმე ეხება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ტერიტორიას, რაზეც შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვეტილებები თვითნებურად, მარტომ და ყველას გარეშე არ უნდა მიიღოს. თავადაც დაადასტურა, რომ სუს-ი წინააღმდეგი იყო. როგორც ჩანს, არც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა იცოდა. ირკვევა, რომ საგუშაგოების გახსნის პროცედურა დაარღვია, რადგან ევროკავშირის მისიას არ შეატყობინა და ითქვა კიდეც, რომ ზუსტად იმ პერიოდში, სხვადასხვა ადგილას ორი საგუშაგო გაიხსნა და ზუსტად ამ პროცედურების დაცვით გაიხსნა. რაიმე თუ იყო გასაკეთებელი, ამისთვის პროცედურა არსებობდა, მაგრამ დაარღვია ყველანაირი პროცედურა, როგორც სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობის, ასევე ის პროცედურა, რაც საქართველოს მთავრობაში უნდა გაევლო და თვითნებურად იმოქმედა. ის შედეგი მიიღო, რაც განჭვრეტადი იყო და რაზეც სუს-ი ეუბნებოდა, რომ ეს აღქმული იქნებოდა პროვოკაციად, ესკალაციას გამოიწვევდა.

როგორც მედია არქივებში ვნახე, საგუშაგო 29 აგვისტოს იყო გახსნილი, შემდეგ იყო მოთხოვნა, რომ საგუშაგო დახურულიყო. თუ არ ვცდები, უკვე 5 სექტემბერს საოკუპაციო ძალებმა საგუშაგოები გახსნეს საოკუპაციო ხაზს მიღმა, რომელიც მანამდე საქართველოს ხელისუფლების ეფექტური კონტროლის ქვეშ იყო. გამოძიების ამოცანაა, მოტივი გაარკვიოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. წარმოუდგენელია, შინაგან საქმეთა მინისტრი ასე დადგეს და ყველას ინფორმირების ან თანხმობის გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს ასეთ კრიტიკულ ადგილებში. ადამიანი რახან ასეთ უხეშ ნაბიჯსა და თვითნებობაზე წავიდა, დიდი ალბათობით, ამის უკან უნდა იყოს ისეთი საკითხი, რამაც გადაწონა გააზრება, რომ ის ისეთ საქმეს სჩადიოდა, რაც ეწინააღმდეგებოდა მისი, როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრის უფლებამოსილებას და სუბორდინაციას მთავრობის შიგნით. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოტივები ამოძრავებდა გიორგი გახარიას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს ჩორჩანას და სხვა სოფლების საკითხზე. გახარია კომისიის სხდომაზე 23 ივნისს არის დაბარებული.