გახარიას პარტია არის სპეციალურად შექმნილი და ვხედავთ, მისი დამფუძნებელი სადაც ზის, საზღვარგარეთ და არა საქართველოში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია დასკვნა, თუ ვისი ინტერესებით არის ეს ყველაფერი შექმნილი. გარე ძალების ინტერესებით არის შექმნილი იმისთვის, რომ 2024 წლის არჩევნებში, ასე ვთქვათ, კლასიკური ოპონენტის გარდა, რაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ამომრჩევლით, შემოეყვანათ ტროას ცხენის სახით გახარია, რომელსაც უნდა გადაებირებინა ან წაერთვა „ქართული ოცნების“ ხმები. როდესაც შეიქმნა ეს პარტია თავდაპირველად და ვიდრე შექმნიდნენ, მათ შორის, გახარია დადიოდა სხვადასხვა რეგიონში და ამბობდა, რომ ეს, გარკვეულწილად, კულისებში შეთანხმებული პროექტი არის „ქართულ ოცნებასთან“, სინამდვილეში ასეა, ყველაფერი არის და თქვენ დამიჭირეთ მხარიო. მართლა ასე დადიოდა და ატყუებდა ხალხს. გარკვეული ხალხი, მათ შორის, მიიმხრო კიდეც და ამიტომაც დატოვა ბევრმა მისი პარტია, როცა მიხვდნენ, რომ ეს იყო აბსოლუტური მასკარადი, რასაც ის ატარებდა და სპექტაკლს დგამდა. ეს ყველაფერი როცა გამოაშკარავდა, დატოვეს კიდევაც მისი პარტია, მაგრამ ის ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტის ნაწილი, უფრო სწორად, გარე ძალების პროექტის ნაწილი, რომელიც გულისხმობდა, 2024 წელს რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, საქართველოში ხელისუფლებაში მოეყვანათ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებას ახსოვს, მათ შორის, კამპანია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ედგა სათავეში თუ ისიც ორგანიზებას უწევდა.
„2024 წელს როდესაც ზურაბიშვილი არჩევნების წინ ამბობდა, რომ არის ოთხი პარტია – 4, 5, 9, 25, ამ ოთხი პარტიიდან ნებისმიერს მიეცით ხმა, „ქართულ ოცნებას“ არ მისცეთო, ამით რას ამბობდა? ეს კამპანია ჰქონდათ, მათ შორის, 4, 5, 9, 25, პლაკატები და ასე შემდეგ. ანუ, კოალიცია, „ნაციონალურ მოძრაობა“, „ლელო“ და გახარია. ესე იგი, ამომრჩეველს ეუბნებოდნენ, თქვენ ნებისმიერს რომ მისცეთ ხმა, მნიშვნელობა არ აქვს, ვის მისცემთ, იმიტომ, რომ ყველა ემსახურება საერთო მიზანს. ხომ ამას ეუბნებოდა ქალბატონი ზურაბიშვილიც და სხვებიც, ვინც ამ კამპანიას აწარმოებდნენ? ასე რომ, აქ თავად აჩვენეს ის, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ორგანიზმი, რომელიც ერთ მიზანს ემსახურებოდა. თუ რა იყო ეს მიზანი, ვნახეთ 2024 წლის არჩევნებში, რომლის მიზანიც უკვე გასაგებია, რაც იყო, ამ გარე ჩარევების, რომ ნებისმიერი მანქანით ჩაენაცვლებინათ ხელისუფლება და მოეყვანათ ეს ოთხეული, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და ვნახეთ, რომ როგორც კი ეს არ გამოვიდა, ჩაირთო ეგრევე ხელისუფლების დამხობის სცენარი. ვნახეთ ჩვენ პოლიციელებზე თავდასხმები, მაშხალები, პარლამენტის დაწვის მცდელობა, ჩამოსული უცხოელი დეპუტატები, მაიდნისკენ მოწოდება, ჩამოსული საგარეო საქმეთა მინისტრები, პირდაპირ სანქციები ბაიდენისგან და ა.შ. გაიხსენეთ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერი, აბსოლუტურად რა წამოვიდა, ერთი ატომური ბომბი არ გვესროლეს მართლა, თორემ დანარჩენი წამოვიდა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა, პოლიტიკური ინსტრუმენტი ყოფილიყო საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რომ დაემხოთ ხელისუფლება და მოსულიყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ესეც რომ არ გამოვიდა, რა გააკეთეს? მანდატები დახია ერთმა ნაწილმა, მაგრამ გახარია ჩატოვეს, როგორც, ასე ვთქვათ, გეგმა „ბ“, რომელიც შემონახული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი რაც მოხდა, იყო კიდევ ერთი შეუმდგარი მცდელობა ხელისუფლების დამხობის. ისინი მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდნენ პარლამენტში, მხოლოდ ამის შემდეგ, და განაცხადეს კიდეც პარტია „საქართველოს“ წარმომადგენლებმა, იმიტომ შევიდა ჩვენი პარტია პარლამენტში, რომ 4 ოქტომბრის დამხობა ჩაიშალაო. ეს პირდაპირ აქვთ მათ გაცხადებული. ასე რომ, მე მგონი, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება მათ თვითონ უკვე მიცემული აქვთ არაერთხელ. ამიტომაც აღმოჩნდნენ ისინი ჩვენს სარჩელში, დანარჩენს კი უკვე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ აბსოლუტური უფლებაა, მიმართოს ნებისმიერ სასამართლოს და ამ შემთხვევაში – საკონსტიტუციო სასამართლოს.
„რას დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს უკვე მისი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი არგუმენტები არის ძალიან ძლიერი; ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პარტიები თავიანთი არსით არიან ანტიკონსტიტუციურები და იმედი გვაქვს, უკვე სამართლებრივად დადასტურდება, რომ ეს პარტიები არიან ანტიკონსტიტუციურები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.












