საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა.

როგორც პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა,  არ არსებობს ამაზე უპირატესი ამოცანა და ყველა სხვა მიზანი ექვემდებარება ამას.

„გვაქვს ორი მთავარი ეროვნული ამოცანა – ეს არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ზრდა. როცა ეს ორი მიზანია, ძალიან ადვილია, აწონო ნებისმიერი ნაბიჯი. გეტყვიან, რომ შენ უნდა შეხვიდე ესკალაციაში რუსეთთან? უნდა აწონო, ჩვენი ერის კეთილდღეობას წაადგება, თუ – არა, თუ ჩვენ ჩავკეტავთ საზღვრებს და ეკონომიკურ გაცვლას რუსეთთან. არ წაადგება ხალხის კეთილდღეობის ზრდას. სხვათა შორის, ამას რომ ვამბობდით ოთხ-ნახევარი წლის წინ, როცა ომი დაიწყო, ყველა ისტერიულად მოგვიწოდებდა, სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ესკალაციაში შევსულიყავით, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველამ აღიარა, რომ ეს იქნებოდა ეკონომიკური კატასტროფა საქართველოსთვის.

მეორე – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. როდესაც იცი, რომ ეს არის პრიორიტეტი, ძალიან ადვილია, შემდეგ ამის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილებები. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და ყველამ კარგად გაიგოს, ჩვენმა მოყვარემაც და მტერმაც, ეს არის ჩვენი ორი უმთავრესი ამოცანა და ყველა სხვა ამოცანა და მიზანი ექვემდებარება ამას. არ არსებობს ამაზე უპირატესი ამოცანა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და კეთილდღეობის ზრდაა, არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, არცერთი სხვა ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება არ უღირს ჩვენს ერს ტერიტორიული მთლიანობის და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.