პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს /ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ჯოზეფ ბორელის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოსთვის ისტორიულ პერიოდში. მან აღნიშნა საქართველოს წვლილი ევროპულ ისტორიასა და კულტურაში. მისი თქმით, ახლა საერთო წარსულთან ერთად აუცილებელია საერთო მომავალზე საუბარი. ამ მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ევროკავშირის შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რაც გულისხმობს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და ასოცირების ტრიოს ქვეყნებთან ერთად გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.
ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის კარი ღიაა და ევროკავშირის ყველა ინსტიტუტი მზადაა, საქართველოს დაუჭიროს მხარი.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესი და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში ნაყოფიერ თანამშრომლობას ევროკავშირისა და საქართველოს ინსტიტუტებს შორის.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების წარმატებით შესრულება. აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. აღინიშნა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში საქართველო ევროკავშირის სანდო პარტნიორია.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის ყველა ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, აგრეთვე, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.