სამწუხაროდ, საქართველოში ოპონენტების ნაწილი ცდილობს, რომ პოლიტიკური დისკუსია წაიყვანონ მხოლოდ იმ კალაპოტში, როგორ დააზიანონ ხელისუფლება. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ძალაუფლებას მოიპოვებენ და ა.შ. სინამდვილეში ამით აზიანებენ საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დედამიწაზე არ არის არცერთი ქვეყანა, რომელიც იმავე პირობებში გამოიჩენდა იგივე სოლიდარობას უკრაინის მიმართ, რაც საქართველომ გააკეთა.

„გავიხსენოთ ნებისმიერი სხვა დისკუსია, თუნდაც პანდემიის პერიოდში „ჩაკეტე-გახსენი“ დისკუსია რომ იყო, რომლის ერთადერთი მიზანი იყო რამენაირად მღელვარების შემოტანა, აქაც სწორედ ეს არის. მინდა, ჩვენ საზოგადოებას ვუთხრა, რომ დედამიწაზე არ არის არცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენნაირ პირობებში გამოიჩენდა იგივე სოლიდარობას, რაც ჩვენ გამოვიჩინეთ. თუ შევხედავთ საქართველოს მდგომარეობას, ჩვენ ვართ ქვეყანა, განსხვავებით ყველა სხვა ქვეყნისგან, რომელიც არის უკრაინის მხარდამჭერ ალიანსში, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ნატო-ს ქოლგა მოლდოვასთან ერთად, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არ იცავს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობის ქოლგა, ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სამი ომი გამოიარა რუსეთთან. ჩახედეთ იმ ალიანსის ქვეყნებს და თქვით რომელს აქვს გამოვლილი ომი რუსეთთან. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე დღესაც იმყოფება რუსული არმია. ამ პირობებში ის სოლიდარობა, რომელსაც საქართველო უცხადებს უკრაინას პოლიტიკური თუ სხვა მხრივ, ეს არის ისეთი სოლიდარობა, რომელსაც სხვები არ გამოიჩენდნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.