საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში წარმოებული აგრესიული კამპანია შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამ მოვლენას უნდა შევხედოთ, როგორც კლინიკურ მოვლენას, როდესაც დაბინდული გონების მქონე ფუნდამენტური სექტის წევრები თავს ესხმიან ესხმიან სხვებს.

„ყველას მოვუწოდებ, ისარგებლონ სოცმედიაში ჩემს მიერ გამოქვეყნებული პოსტით იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციებში გავერკვეთ, რა არის ანატომია. საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც თავისმა ქურუმებმა მოუხაზეს, თუ ვინ არიან მათი მტრები. ამ მტრებზე თავდასხმა, ზიზღი, სოცმედიაში განსაკუთრებით თამამები არიან, ვინაიდან იმალებიან კლავიატურის და ეკრანის უკან, წარმოადგენს მათ რელიგიურ, სექტის აქტს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათთვის მტრები არიან.

ამ მოვლენას ასე უნდა შევხედოთ, როგორც გარკვეულ კლინიკურ მოვლენას, როდესაც დაბინდული გონების მქონე ფუნდამენტური სექტის წევრები თავს ესხმიან სხვებს. გვინახავს სხვადასხვა „კუ კლუქს კლანები“ და მსგავსი რაღაც სექტები, რომლებიც უბრალოდ, აგრესიულები არიან მათ მიმართ, ვისაც ისინი თავისიანებად არ აღიქვამენ. ასე უნდა შევხედოთ.

მთავარია, რომ ნებისმიერი ძალადობა, აგრესია სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს. დანარჩენი, გარკვეულწილად რაღაცებს იუმორითაც შევხედოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები უბრალოდ, აჩვენებენ საკუთარ სულიერ სიმდაბლეს, ემოციურ მოწყვლადობას და თავის პრობლემებს. ეს უნდა დავინახოთ. ყველა ამ თავდასხმაში უნდა დავინახოთ მათი შინაგანი პრობლემა, რომელიც მათ აქვთ და ამის სხვებზე პროეცირების მცდელობა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის ნაკრების მატჩის დასრულებისთანავე სოციალურ ქსელში გუნდის წინააღმდეგ არაერთი ნეგატიური კომენტარი დაიწერა. სამიზნე იყო გიორგი გველესიანიც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, თუ როგორ ახორციელებდნენ წნეხს ფეხბურთელებზე, აქციების დროს, რათა მხარდამჭრი პოსტები დაეწერათ.