პაატა ბურჭულაძის წერილი არის კიდევ ერთი აღიარება გადატრიალების ორგანიზატორთა მხრიდან, რა იყო მათი მიზნები, რა ეტაპზე მივიდნენ და რა მომენტში დამარცხდნენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა თავს აცოდებენ საზოგადოებას, არაფერი ვიცოდით, შემთხვევით აღმოვჩნდით სცენაზე და ორგანიზატორებშიო.
„7 000 ქართველი აიყოლიეს. 4 ოქტომბერს დაახლოებით 7 000 საქართველოს მოქალაქე – ექიმი, სტუდენტი, მასწავლებელი, იურისტი, სხვადასხვა ადამიანი, 7 000 ადამიანი მივიდა, რომელიც მზად იყო, სისხლი დაეღვარა და ყოფილიყო სამოქალაქო ომი. ამ მზაობით მივიდა იქ 7 000 ადამიანი. სწორედ ეს არის ის სექტა, რომელზეც მე ვსაუბრობ, რომელიც მზად იყო, საქართველოში 90-იანი წლები გაემეორებინა, დაემხო ხელისუფლება და საქართველოში სისხლიანი დაპირისპირება წამოეწყოთ. ამ მზაობით 7 000 ჩვენი თანამოქალაქე მივიდა, გაწირა საკუთარი სამშობლო არეულობისთვის. აქედან 20-30 ადამიანია დაკავებული, ამაზეც არ უნდათ, პასუხი აგონ. მისი განცხადება არის დასტური, რომ საქმე ჰქონდა ხელისუფლების დამხობასთან, რომელსაც, სხვათა შორის, მხარს უჭერდნენ გარედან და მანამდე პირდაპირი განცხადებები ვნახეთ ევროკომისიის წარმომადგენლის მხრიდან, რომელმაც მხარი დაუჭირა დანიშნულ დამხობის აქციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დამხობის მცდელობის განმავლობაში ბრიუსელიდან „ტვიტერზე“ იდებოდა გამამხნევებელი მოწოდებები.
„პრეზიდენტის სასახლეში შეჭრა რომ მიდიოდა, პარალელურად რასა იუკნევიჩიანები და სხვა წარმომადგენლები ევროკავშირის ამხნევებდნენ – მიდით, ქართველებო და არიეთ თქვენი ქვეყანაო. ასე რომ, ეს არის ამის დასტური. რაც შეეხება შიგნით ოპოზიციაში ამ გარჩევებს, ყველაფერი წარმოსახვითია. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანთა ერთი დიდი ჯგუფი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „იმ ოპო-პოლიტიკოსებს კი, რომლებიც დღესაც აკრიტიკებენ 4 ოქტომბერს, ვუსურვებ, რომ დაუსრულებელი ლაპარაკის და აზრების გამოთქმის გარდა უკეთესი სამოქმედო გეგმა შემოგვთავაზონ და ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები მათ გავყვებით. მაგრამ ერთი რამ არ დაივიწყონ, რომ დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“








