ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამშობლოს და ყველაფერს მშობლიურს, ყველაფერს, რაც ჩვენს მიწასთან, ქვეყანასა და მშობელ ხალხთან აკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ქართველთა დიასპორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. მისივე თქმით, ეკლესიისა და დიასპორის ერთობა უამრავ ქართველს იმედით, რწმენით აღავსებს, სიცოცხლის მუხტს აძლევს, აძლიერებს და ამხნევებს.
„სამშობლოსთან სიშორე ქართველებისთვის არასდროს ყოფილა ადვილი. ყველგან, სადაც ორი ქართველი მაინც მოიყრის თავს, აუცილებლად იქმნება პატარა საქართველო თავისი ტრადიციებით, რწმენით და სიყვარულით. დღეს ქართველთა დიასპორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებობს. მათი უმრავლესობა საქართველოს დედა ეკლესიის კალთის ქვეშ დაიბადა და ეკლესიის წიაღშივე ფუნქციონირებს. ეს ერთობა უამრავ ქართველს იმედით, რწმენით აღავსებს, სიცოცხლის მუხტს აძლევს, აძლიერებს და ამხნევებს. ქართველთა დიასპორა უცხო ქვეყნებში არის შემნახველი ჩვენი გენის, ისტორიული მეხსიერების და კულტურის, ის ჩვენი ქვეყნის ნაწილია იქ, სადაც ის ცოცხლობს და სიცოცხლეს აგრძელებს.
ჩვენი დიასპორები, არც თუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ ძლიერი და მყარი დასაყრდენია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი დღევანდელი დღისა და მომავლისთვის. ისინი ჩვენით არიან ძლიერნი, ჩვენ კი მათით. მადლობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და თითოეულ დიასპორელს ამ გმირობისთვის, ამ მრავალწლიანი დაუღალავი შრომისა და თავგანწირვისთვის.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ამ ადამიანებთან მუდმივ კავშირსა და კომუნიკაციას, ისეთი სამართლებრივი ბაზის შექმნას, რომელიც უკეთ დაიცავს მათ უფლებებს. ძლიერი საქართველოს მშენებლობა შესაძლებელია მხოლოდ დიასპორის აქტიური მონაწილეობით. ამიტომ, ჩვენი ქვეყნისა და დიასპორის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ყველა საპარლამენტო მექანიზმისა თუ ინსტიტუტის აქტიური და ეფექტიანი გამოყენება. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი წარმატებით უძღვება დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამისთვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბექა ოდიშარიას, ისევე როგორც კომიტეტის თითოეულ წევრს და აპარატის თანამშრომლებს. ამავდროულად, წარმატებით ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა თუ პროექტი, რომლებიც ხელს უწყობს ქართველ ახალგაზრდებთან კავშირების განმტკიცებას, კულტურულ და საგანმანათლებლო გაცვლებს, დიასპორის წევრების ინიციატივების მხარდაჭერას, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სრულ მზადყოფნას გამოვხატავ, გავაგრძელოთ ჩვენი დიასპორის მხარდაჭერა და გაძლიერება, რათა სამშობლოში დაბრუნებამდე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში წარმატებით შეძლონ ცხოვრება და მოღვაწეობა. საქართველოს მართლაც არ ჰყავს „შვილი დასაკარგავი“. დღეს, მსოფლიო კრიზისებისა და კატაკლიზმების ეპოქაში, კიდევ მეტად აუცილებელია ქართველების ერთად ყოფნა. ვიდრე თანამემამულეები მშობელ ქვეყანას დაუბრუნდებიან, ქართული დიასპორა დარჩება მთავარ ძარღვად, რომელიც გვაკავშირებს ერთმანეთთან ერთი ერის შვილებს, ძველსა და ახალ თაობებს, ყველას, ვისაც ქართველი ჰქვია. ყოველთვის გვახარებს და გვეამაყება ჩვენი დიასპორელების წარმატების ისტორიები. რამდენიმე მათგანი დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება. გილოცავთ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს. თქვენ საუკეთესოდ წარმოაჩენთ ჩვენს ქვეყანას თქვენს ადგილსამყოფელ სახელმწიფოებში. დღევანდელ დღეს, მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი დიასპორის თითოეულ წარმომადგენელს მსოფლიოს თითოეულ კუთხეში, ვუსურვო მათ წარმატება და წინსვლა, სამშობლოს გამარჯვება და განვითარება. გისურვებთ საქართველოში მალე დაბრუნებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.