ჩვენ ვითვალისწინებთ ქართველი ხალხის რეკომენდაციებს, რომელიც ხელისუფლების წყაროა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება „რუსულ მექანიზმს“, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს, ეს მეტყველებს იმ 24 ქვეყანაზე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„სწორად თუ მახსოვს, ამას მხარი უკრაინამაც დაუჭირა. ეს ისე, ვიღაცას მადლიერებასა და უმადურობაზე გული რომ ეტკინა, ეს არის უკრაინელი ხელისუფლების მადლიერება ქართველი ხალხის მიმართ, რომ ქართველ ხალხს მოსკოვის ინსტრუმენტებით თავს ესხმის. რაც ვნახეთ, უცნაური პროცესი იყო“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გადაწყვეტილების მიღებიდან რამდენიმე დღეში ადამიანი შეარჩიეს, რომელსაც საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს და ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტთან სიღრმისეული ცოდნა არ ჰქონდა.

„რამდენიმე დღეში, ეს ადამიანი ქვეყანაში ჩამოვიდა და ორ დღეში რაღაც დოკუმენტი შეადგინა, ეს არასერიოზულია. თან იმ კითხვებიდან გამომდინარე, რაც შეხვედრებზე დაისვა. საკითხი ეხებოდა არჩევნებსაც, უმაღლესი განათლების რეფორმასაც, ძალადობასაც, პატიმრებსაც. ამ ანგარიშში საქართველოს უახლესი ისტორიის პოლონურ ხედვას დავინახავთ. რა თქმა უნდა, ეს არასერიოზულია. ადამიანმა ქართული ენა არ იცის, პოლიტოლოგი არ არის, იურისტია განათლებით და როტორიკა როგორ უნდა შეაფასოს? ასეთი მექანიზმები რომ არსებობს, ამერიკა სხვადასხვა ორგანიზაციას ამიტომ ტოვებს. ერთის მხრივ, ფულის ფლანგვა და მეორეს მხრივ, მავნებლობა რომ არის, ამის გაფეტიშება ხდება, ამერიკა ასეთ ორგანიზაციებს ამიტომ ტოვებს. ევროსაბჭოს წევრიც ვართ, მაგრამ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ვნახეთ, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად ჩაწერეს. ამ ხალხს რაზე ველაოარაკოთ? აცდენილი ვართ ღირებულებებში. ქალბატონ გოშიევს რა უნდა ავუხსნა, ეს ადამიანი შეყვარებულია მიხეილ სააკაშვილზე. ამ ადამიანს ხედავს, როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებულ დემოკრატიის რაინდს. რ ვქნათ, იმ ქარიზმის შეპყრობილობიდან როგორ ვამოვიყვანოთ, რაც სააკაშვილის მიმართ აქვთ? ჩვენთვის მთავარია არა „მოსკოვის მექანიზმი“ და ბრიუსელის ინსტრუმენტი, არამედ სიმართლე. იმდენი ტყუილი გვაქვს უკვე მოსმენილი ბრიუსელისგან და სხვა დედაქალაქებისგანაც, რა ნდობა უნდა გვქონდეს?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი იუსტიციის მინისტრთან ცრუ დემარშით მივიდა, ციხიდან სააკაშვილის დახსნა რომ უნდოდათ, კვდებაო.

„მცდელობაა, საერთაშორისო ინსტიტუცია გამოყენებული იყოს, როგორც იარაღი სხვა ხალხის წინააღმდეგ. თქვენ ხომ გინახავთ ანგარიშებიც და მუშაობაც? ეჭვი გეპარებათ, რომ ეს წინასწარ დაწერილი ტექსტია და დანარჩენი იყო უბრალოდ შეფუთვა? სულ ორი დღე იყო ეს ადამიანი საქართველოში. ორდღეში რა უნდა გაიგო საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ამას მიუძღვნა მრავალგვერდიანი დასკვნა? ეს არის საქმის შეკერვის მცდელობა ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.