საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმება არ უკავშირდება ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის საკითხს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აქ სუბიექტები არიან საქართველო და რუსეთი.

„ჩვენ აქ სალაპარაკო გვაქვს რუსეთთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. რაც შეეხება ე.წ. ადმინისტრაციებს, ამ შემთხვევაში, ამას არანაირი გავლენა ამ საკითხზე არ აქვს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა უდიდესი ღალატი, როდესაც 2006 წელს, მათი ორგანიზებით, ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები და ამაში მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობა“. მათ შექმნეს ამის საფუძველზე და შემოაბრუნეს ტერმინი „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია“. ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი არაღაიარების პოლიტიკის ფარგლებში, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობებისას ვცდილობთ, ტერმინად გამოყენებული იყოს ცხინვალის რეგიონი და ამ დროს ეს სამართლებრივად, თუ პოლიტიკურ სივრცეში ასე ირიბად შემოიტანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. 2007 წელს კი, ამ ე.წ. სეპარატისტული არჩევნებით, რომელიც სინამდვილეში იყო „ნაციონალური მოძრაობისგან“ წახალისებული და ორგანიზებული, დააფუძნა ამ ადმინისტრაციის შექმნა. რა მოიტანა ამ ყველაფერმა – ეს იყო ესკალაციის გზა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანა ომამდე და მიგვიყვანა ცხინვალის რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციამდე. მათ შორის ეს საკითხიც ასახულია კონსტიტუციურ სარჩელში, რომლითაც ჩვენ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოტანილია როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობასთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის“ გაუქმების შესახებ.