საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უზრუნველყოფილია, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის.
„ზუსტად იმ პოლიტიკას მივყვებით თანმიმდევრულად და კეთილსინდისიერად, რომელიც განვაცხადეთ ჯერ კიდევ შარშან, 25 თებერვალს. ეს პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო უზრუნველყოფს და პასუხისმგებლობას იღებს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნება გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავსლისთვის. ჩვენ ამას ვაკეთებთ კეთილსინდისიერად. არ ყოფილა არცერთი ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული ყოფილიყოს ამისთვის, არ ყოფილა არცერთი დასაბუთებული ეჭვიც კი. სხვათა შორის, 1200-ზე მეტი ტვირთი იყო, რომელიც შეაჩერა საბაჟო სამსახურმა, რადგან იყო ან სანქცირებული კომპანია, ან ტვირთი იყო ასეთი. როცა საუბარია გვერდის ავლაზე, უპირველეს ყოვლისა, გამომგზავნებს შორის იყვნენ აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სხვა ქვეყნები, რომლებიც თავად არიან ამ სანქციების დამწესებლები. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, ის ქვეყნები, რომლებიც აგზავნიან ამ ტვირთს, ისინი არიან პასუხისმგებლები, საქართველო გამტარია. მიუხედავად ამისა, საქართველოს აქვს იმდენად ძლიერი ინსტიტუტები და ძლიერი კონტროლი, რომ ჩვენ გავაჩერეთ ჩვენს საზღვარზე და არ გავუშვით რუსეთამდე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, მეორე მხრივ, საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამას თავისი მიზეზები აქვს.
„აქაც მარტივად არის საკითხი, ნებისმიერი სანქცია გულისხმობს ესკალაციის ნიშანს მეორე ქვეყნისთვის. სანქცია გულისხმობს, რომ ერთი ქვეყანა მეორეს ეუბნება, რომ ის მეორე ქვეყანას ასე ვთქვათ, რაღაცისთვის სჯის, არის გარკვეული სანქცირება. სანქცირება გულისხმობს შესაბამისად ესკალაციაში შესვლას, ხოლო ესკალაცია არის ისეთი სპირალი და ისეთი პროცესი, რომელზეც გავლენა შემდგომ შეიძლება აღარ ჰქონდეს ქვეყანას და რთულია წინასწარი განჭვრეტა, რა შედეგები მოყვება ამას. სანქციის დროს არის რისკი კონტრსანქციის, სხვა საპასუხო ზომების, რომლის წინასწარ განჭვრეტა რთულია. აქედან გამომდინარე, ესკალაციაზე წასვლას ერიდება ყველა, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც აწესებენ ამ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, ყოველ ჯერზე ფრთხილად უყურებდნენ ამ საკითხს, ერთი მხრივ, არ შევიდნენ ისეთ ესკალაციაში რუსეთთან, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ან არ დააწესონ ისეთი სანქცია, რომელმაც შეიძლება, მათ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე – რუსეთს. ზუსტად ამ მიდგომებით ვხელმძღვანელობთ ჩვენ. განსხვავებით ამ ქვეყნებისგან, ევროკავშირი და ა.შ. ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები, არც ნატო-ს ქოლგა გვიცავს, არც ევროკავშირის რაიმე ბერკეტები გვიცავს, არაფერი არ გვიცავს, ჩვენ ვართ მარტო ამ მხრივ. გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი რეგიონი. ამიტომ ამ გადმოსახედიდან ვუყურებთ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, რაც შეეხება ინდივიდუალურად სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლას საქართველოს ტერიტორიაზე, აქაც საკითხს სწორედ ამ პრინციპით უნდა შევხედოთ.
„ერთი მხრივ, არის კანონმდებლობა, რომელიც ამას აწესრიგებს, აქ მთავარია ოკუპაციასთან დაკავშირებული ჩვენი კანონმდებლობა, რომელიც შეზღუდვებს აწესებს. ვისაც დარღვეული აქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, მათ ჩვენ არ ვუშვებთ საქართველოში. ეს არის ჩვენი სანქცია სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც სხვათა შორის, სხვა ქვეყნები შეერთებული არ არიან. ამიტომ ჩვენი სანქცია სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მდგომარეობს ამაში. შესაბამისად, მოქალაქეების ყოველ შემოსვლაზე, ეს გახლავთ მესაზღვრის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ის ამ კრიტერიუმებით აფასებს, მესაზღვრე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს. არის ოკუპაციის შესახებ კანონი და შესაბამისი სია შესაძლო დამრღვევებისა, ამ კრიტერიუმებით მესაზღვრე იღებს გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ეს ინდივიდუალური შემთხვევებია, რომლებზეც არის საუბარი, აქ რაიმე დიდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საუბარი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.