ლაზარე გრიგორიადისის მამა ვიდრე იტყოდა, მანამდე ჩვენც ვამბობდით, რომ იმ დღეს იყო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა დესტრუქციისთვის ამზადებენ, ამწიფებენ მდგომარეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის მამის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს უკავშირდება. „ჩემი ლაზარე გარკვეულმა ორგანიზაციებმა და „ენჯეოებმა“ გამოიყვანეს აქციაზე და მსხვერპლად შესწირეს რუსულ მთავრობას, თქვენი დროც მოვა“.
„ვიდრე ამ ადამიანის მამა იტყოდა, მანამდე ჩვენც ვამბობდით, რომ იმ დღეს იყო ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა ასეთი დესტრუქციისთვის ამზადებენ, ამწიფებენ მდგომარეობას, შემდეგ ადამიანებს სხვადასხვა ტრენინგებზე. ვხედავთ, იმის შემდეგ გამოჩნდა, რაც იგეგმება ასეთ სემინარებზე – რევოლუციები, იარაღის ტრიალი და ა.შ. ამის შედეგი იყო, რომ საბოლოო ჯამში, ვიღაცამ ხელი მოჰკიდა „მოლოტოვის კოქტეილს“, ადამიანს ესროლა და ცეცხლი წაუკიდა. ამიტომ, თავისთავად ეს დესტრუქცია რომ მომდინარეობს ამ რადიკალური ჯგუფებისგან, ყალბი „ენჯეოებისგან,“ პარტიებთან აფილირებული „ენჯეოებისგან,“ ეს უკვე ცხადი არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩანს, რომ თავად ახლა, ამ შემთხვევაში ეს ადამიანიც აღიარებს ამ ყველაფერს. კარგია, რაც უფრო მეტს ისაუბრებენ ამაზე, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინ აორგანიზებდა იმ დღეს რომ პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდება ეცადა, ჩაემტვრიათ ფანჯრები, პირველად ჩვენს ისტორიაში „მოლოტოვის კოქტეილი“ დაემზადებინათ და ადამიანისთვის ესროლათ, რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ამაზე და გამოვლენ საჯაროდ, მით უფრო კარგი არის მათთვისაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.