"ეს არ არის 32 წლის წინანდელი ისტორია, რომელიც იქ დამთავრდა, ეს არის ისტორია, რომელიც დღეს კვლავ გრძელდება, ვინაიდან ეს არის ოკუპაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი საკითხები, რომელშიც ჩვენი პოზიციების დაცვა და გამყარება ყოველდღიურად გვჭირდება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერში" აფხაზეთის ომთან დაკავშირებით განაცხადა, რითაც გია ბარამიძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ბარამიძე ქართველ სამხედროებს ომის დანაშაულს აბრალებს.
პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას სიტყვებიც გაიხსენა, სადაც ოპოზიციონერი აფხაზეთის საკითხს ყარაბაღს ადარებს.
"32 წლის წინ რომ იყო, ეს ხომ არ არის მივიწყებული ისტორიის ნაწილი. მართალია, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს არის ტრავმა, რომელიც უნდა დავივიწყოთ და მოვიცილოთ. გვარამიამ სომხეთთან პარალელის გავლებით თქვა, რომ აფხაზეთი არის ტრავმა, რომელიც უნდა მოვიცილოთ და ასე შევხედოთ ნათელ მომავალს. პარალელი ჰქონდა ყარაბაღთან - სომხეთმა ყარაბაღი, როგორც ტრავმა და ტვირთი მოიცილა, მისი გაგებით, ასევე, როგორც ტრავმა და ტვირთი უნდა დავივიწყოთ აფხაზეთი - ეს არის მათი წარმოდგენა. ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მათი მმართველობის ბოლო წლებში, 2008 წელის ომის შემდეგ, მაშინაც ეს დამოკიდებულება ჰქონდათ.
მთავარი არის ის, რომ ეს არ არის 32 წლის წინანდელი ისტორია, რომელიც იქ დამთავრდა, ეს არის ისტორია, რომელიც დღეს კვლავ გრძელდება, ვინაიდან ეს არის ოკუპაცია, ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი საკითხები, რომელშიც ჩვენი პოზიციების დაცვა და გამყარება ყოველდღიურად გვჭირდება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად რელევანტურია განცხადების გამო ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე საქმის წარმოება სისხლი სამართლის მუხლით დაწყებულიყო, პაპუაშვილი განმარტავს, რომ ბარამიძემ აღნიშნული განცხადება გააკეთა მტკიცებით ფორმაში, რითაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სამართლებრივი პოზიციების შეასუსტა.
"ის საუბრობდა როგორც პროცესების თანამონაწილე - მოწმეა, რომ 90-იან წლებში, აფხაზეთში, ომის დროს, ქართველი ჯარისკაცები ტყვეებს ცოცხლად არ ტოვებდნენ და ხვრეტდნენ. ერთეულ შემთხვევაზე კი არ საუბრობდა, ამბობდა, რომ ეს პრობლემას წარმოადგენდა მისთვის, იმიტომ, რომ იყვნენ ქართველი ტყვეები მეორე მხარეს - იმისთვის, რომ ისინი დაეხსნათ, უნდა გაეცვალათ, ქართველ მხარეს კი არ იყვნენ ტყვეები, რადგან განურჩევლად ხვრეტდნენ ყველას.
კარგად ჩანს, რომ ეს განცხადება, მით უმეტეს, კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, სხვა განცხადებების პარალელურად, ემსახურებოდა საქართველოს სამართლებრივი პოზიციების შესუსტებას საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ, პროკურატურამ ეს საკითხი შეისწავლა, ჩათვალა, რომ ეს აკმაყოფილებს საბოტაჟის კვალიფიკაციას, რაც ამავდროულად არის სამშობლოს ღალატი. როდესაც ქვეყანას უქმნი პრობლემას, რისკს, რომ შესაძლოა საერთაშორისო სამართლებრივი პოზიციები შეუსუსტდეს ან დაკარგოს, ეს, რა თქმა უნდა, არის სამშობლოს ღალატი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










