პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენლის ვიზიტი მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ მომენტამდე პარლამენტში პიტერ ანდრეოლთან შეხვედრები დაგეგმილი არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს სურს აშშ-სთან ახალი ურთიერთობის დაწყება.
„ჩვენ აშშ-სთან გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის ახალი სიმაღლიდან დაწყება. არა იმ პარტნიორობის, რომელიც სინამდვილეში უფრო ფურცელზე იყო, ვიდრე რეალობაში, არამედ ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის, ისეთის, როგორიც ქართველებმა ვიცით და ვაჩვენეთ ამერიკელ ხალხს არაერთხელ.
ჩვენ სხვადასხვა კონტაქტი გვაქვს აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, მათ ძალიან კარგად იციან რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, რა არის ჩვენი პოზიცია სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ასე, რომ ჩვენ გადატვირთვას ველით.
ჩვენ ამ ურთიერთობაში ნაკლებად შეგვიძლია რაიმეს გაკეთება ან გაფუჭება, ჩვენ ჩვენი პოზიციები გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ველით აშშ-ს ადმინისტრაციიდან შესაბამის ნაბიჯებს. სამწუხაროდ ვერ ვხედავთ იმ ტემპს, რომელსაც ვისურვებდით ამ ურთიერთობების გადატვირთვისთვის და რომელიც ეკადრება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი იმყოფება.









