ნინო ლომჯარია იყო 2024 წელს საქართველოს არჩევნებზე ბრიუსელის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმის და ჩარევის იარაღი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას, რომ ნოემბერში დაგეგმილია გაფართოების კონფერენცია, სადაც საქართველოდან მხოლოდ ნინო ლომჯარიაა მიწვეული.
„ნინო ლომჯარია ფინანსდებოდა ბრიუსელიდან, სხვადასხვა ევროპული ფონდიდან, რომ გარედან მომხდარიყო ჩარევა საქართველოს არჩევნებში. ნინო ლომჯარია დეზინფორმაციას ავრცელებდა არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც სახალხო დამცველი, ის ტყუილს ამბობდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის ისტორიაში მან ყველაზე დიდი სირცხვილი ჩაიდინა, რომ ტყუილი დასკვნები გაავრცელა მსჯავრდებულთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, თავიანთ იარაღს იწვევენ, რომ კიდევ ერთხელ გაამზადონ საქართველოზე თავდასხმისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბრიუსელის უმწიფარ პოლიტიკას. ბავშვური ქცევაა, როგორც იქცევიან ბრიუსელის, გინდა ევროკავშირის ელჩი. ხანდახან თვალებს არ ვუჯერებ, რასთან გვაქვს საქმე და ამ ხალხს აქვს პრეტენზია, გლობალური მოთამაშეები იყვნენ. ამიტომაც არიან ჩახსნილი ნებისმიერი საერთაშორისო სერიოზული საუბრებისგან. იხვეწებიან, უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩართონ მოლაპარაკებებში. მათთან საუბარი არც რუსეთს აინტერესებს, არც ამერიკელებს. ამ უმწიფრობით დამართეს ზუსტად საკუთარ თავს ის, რაც დამართეს. ეს კონფრონტაციული გზა არსაით მიდის, ის აზიანებს თავად ევროკავშირს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









