აქციებისას პასუხისგებაში მიცემული 120 ადამიანიდან 45-მა აღიარა დანაშაული და მათთან ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ან შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც უკვე ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოეთიდან არავინ საუბრობს, რომ აქციები მშვიდობიანი იყო.

„იცით, რომ 2024-2025 წლებში, ფაქტობრივად ერთი წლის ფარგლებში, იყო ორი მცდელობა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის. 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში პარლამენტის შტურმის მცდელობით, 2025 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობით. ყველას გახსოვთ ეს სურათები – მაშხალებით თავდასხმა პოლიციელებზე, 150 პოლიციელი დაშავდა საერთო ჯამში, მათ შორის მძიმედ დაშავებულებიც არიან. ერთმა პოლიციელმა მხედველობა დაკარგა ცალ თვალში, სულ 120 ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული. აი, ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის ამ ორი მცდელობისთვის, 120 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ძალადობის მასშტაბი ევროპის დროშის მოფრიალე მოძალადეების მხრიდან. ამ 120 ადამიანიდან 45-მა აღიარა დანაშაული და მათთან ან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ან შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც უკვე ადასტურებს, რომ მშვიდობიანი აქციების შესახებ რევოლუციური პროპაგანდა დასრულდა.

არ ვიცი, ვინმე ატყუებს თუ არა ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფებს ან აქტივისტებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვეტყვი მათ, უცხოეთიდან აღარავინ არ საუბრობს მათ არაძალადობრივ ხასიათზე. ყველა აღიარებს, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. აღარავინ არ ამბობს, რომ ვინმე არის უდანაშაულოდ დაჭერილი და პასუხისგებაში მიცემული. ვინც ეს ყველაფერი გაიაზრა, მათ შორის საკუთარი პასუხისმგებლობაც, 45-მა ადამიანმა მიმართა და არის კიდევ მიმართვები, რამდენადაც ვიცი. ასე რომ, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებიან, ნუ იქნებიან ბრიუსელის და მათი მარიონეტი პარტიების იმედად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, აქციებისას დაკავებულმა პირებმა საპროცესო შეთანხმების გაფორმებით თუ პრეზიდენტისადმი შეწყალების მიმართვით, დანაშაული აღიარეს.

„გახსოვთ თქვენ ორი-სამი წელი, ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, ელჩი იქნებოდა თუ ევროკავშირი, პროტესტებით გამოდიოდნენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე. ამ დროს სახელმწიფო დადგა მყარად, დიქტატორს და სისხლიანი რეჟიმის შემქმნელს არანაირად არ მისცემდა საშუალებას, რომ ის ევროპაში წასულიყო და თავისუფალი ცხოვრება ჰქონოდა. შემდეგ ნახეს, რომ ქართველი ხალხის ნებას ვერ გატეხდნენ და მიატოვეს სააკაშვილი. ხედავთ კიდეც, რა დღეშია.

ყველა დანაშაული უკვე არის აღიარებული. 45-მა ადამიანმა შეწყალებით თუ საპროცესო გარიგებით აღიარეს სწორედ დანაშაულებრივი ხასიათი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პარლამენტზე შტურმის მცდელობისა და ასევე 2025 წლის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის მცდელობისა. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ენდონ საქართველოს სახელმწიფოს. მათზე ერთადერთი მზრუნველი არის საქართველოს სახელმწიფო და არა ბრიუსელი და რომელიმე ელჩი, რომლებმაც უარეს დღეში ჩააგდეს საკუთარი ქცევით და იქ სასამართლო პროცესებზე დემონსტრაციული მინიშნებებით. მიანიშნებდნენ, რომ მზია ამაღლობელს არ უნდა ეღიარებინა, რაც პირდაპირ ეთერში ვნახეთ, პოლიციელზე ძალადობა. პირდაპირ გაწირეს ადამიანი ციხისთვის, უთხრეს, არ ითანამშრომლო, მერე რა, რომ მთელმა სამყარომ დაინახა, რომ იძალადე პოლიციელზე, არა, შენ მაინც არ თქვა ეს და ჩვენ ვიტყვით, რომ ვითომ ეს ყველაფერი არ არსებობს. ეს არის საბოლოო შედეგი მათთვის, ვინც ენდობა უცხოს და არ ენდობა საკუთარ სამშობლოს და ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.