არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს იმასთან დაკავშირებით, რომ „აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილისგან პროტესტისა და პროვოკაციის მოწყობის მცდელობა მედიის ნაწილის მხრიდან ისე იყო წარმოჩენილი, თითქოს იყო მოქალაქეების პროტესტი კახა კალაძის მიმართ“, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანი წაქეზებულია გარედან.
„მარიამ მეყანწიშვილის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ქალი საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ეფარება და, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ტირილად იღვრება, რომ შვილებისგან არის მოწყვეტილი. იგი დაკავებულია საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებით, რაც არაერთხელ ვნახეთ. 5 ოქტომბერს, შუაღამისას, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დროს აქტიურად მოძრაობდა, მაშინ შვილები არ ახსოვდა. გუშინ პარკის გახსნაზე მისული იყო, რომ დებოში მოეწყო და შვილები არ ახსოვდა. პასუხისმგებლობა რომ დაუდგება, მერე ახსენდება ვითომ თავისი შვილები. მოწყვეტილია ეს ადამიანი კარგა ხანია, თავის შვილებს, რასაც ვაკვირდებით. მცირეწლოვანი შვილები რომ ჰყავს, სწორედ ამიტომ ვერ დგება პასუხისმგებლობა, რომელიც წესით დადგებოდა ნებისმიერი ადამიანის მიმართ. გაგახსენებთ წლევანდელი წლის 9 აპრილს და მის აბსოლუტურად ამაზრზენ საქციელს 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალთან. ეს ადამიანი წაქეზებულია სწორედ გარედან, რათა ასეთი რაღაც მოაწყოს. არის საზოგადოება, რომელსაც სჯერა საქართველოს ხელისუფლების, მიჰყვება, აძლევს მანდატს და არიან თითო-ოროლა უსამშობლოები, რომლებიც ცდილობენ, შემოიტანონ გარკვეული დისკომფორტი. ასეთებს ვხედავთ ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხან ჯეი დი ვენსთან გამოვარდება ვიღაც შეშლილი მემარცხენე და ხან ტრამპთან შეხვედრაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.








