არალეგალური ქოლცენტრებთან დაკავშირებული თანხების გადარიცხვის ბოლოდროინდელმა სკანდალმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შეუძლიათ გააკეთონ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, უსაგნო მორალისტობის ნაცვლად, რომ დაეხმარონ საქართველოს, თავიდან აირიდოს სასიცოცხლო საფრთხეები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC მის საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: მისტერ ოფშორი, როგორც მას BBC-მ უწოდა, დანაშაულებრივი ქოლცენტრების ბიზნესის უკან დგას.
„საქართველოს პროკურატურამ, გერმანელ კოლეგებთან ერთად (რომლებსაც ჩვენგან მადლიერება ეკუთვნის), აღმოაჩინა უკანონო ქოლ-ცენტრებიდან მიღებული დიდი ფულადი თანხების გადარიცხვები, რომლებიც ევროპელი პენსიონერების ძარცვით იყო დაგროვილი 2019-2021 წლებში და რომლებიც დავით კეზერაშვილის და მისი ოჯახის ანგარიშებზე მოხვდა. აღმოჩნდა, რომ, რასაც BBC მის საგამოძიებო სიუჟეტში ამტკიცებდა, ახლა საბანკო გადარიცხვებით დადასტურდა: მისტერ ოფშორი, როგორც მას BBC-მ უწოდა, დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების ბიზნესის უკან დგას.
ამ ფულის დანაშაულებრივი წარმოშობა მთელი ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. ქართული დემოკრატიისათვის ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი ისაა, რომ კეზერაშვილს არაერთხელ ღიად უღიარებია, რომ მის ხელთაა ოპოზიციური ტელეკომპანია და მტკიცე პოლიტიკურ და ფინანსურ კონტროლს ახორციელებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე.
გადამწყვეტი ასპექტი კი ისაა, რომ უკანონო წყაროებიდან მოპოვებული ეს არალეგალური პოლიტიკური დაფინანსება არსად ფიქსირდება და არც რაიმე ფორმით აღირიცხება. ენმ-ს უკანონო დაფინანსება ღია საიდუმლოებაა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა კარგად იციან ეს „საიდუმლო“. მეტიც, კეზერაშვილს საქართველოში ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი სახელმწიფო თანხების მითვისებისათვის.
ამ ისტორიის ნამდვილი პარადოქსი ისაა, რომ კეზერაშვილი, რომლის დანაშაული უკვე ევროპული საგამოძიებო უწყებების მიერაცაა დადასტურებული, თავისუფლად გადაადგილდება ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში და, იმავდროულად, რადიკალური ქართული ოპოზიციის დღის წესრიგის მთავარი დამფინანსებელია.
საქართველოში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, ხომ არ სარგებლობს კეზერაშვილი ხელშეუხებლობის გარანტიით, რათა, სანაცვლოდ, ეს რადიკალური ჯგუფები დააფინანსოს? ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის მისი გადმოცემა ამ ეჭვების გაფანტვის ერთადერთი გზაა“, - აცხადებს პაპუაშვილი.