17 წლის წინ, 12 აგვისტოს დაიდო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით იქნა ხელმოწერილი, მიუხედავად იმისა რომ, რუსეთს არაფერი შეუსრულებია, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რაიმე პოლიტიკური ფასი გადაუხდია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შინდისში განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წლის შემდეგ ევროპელებმა სანქცია დაადეს არა რუსეთს, არამედ საქართველოს, ესეც გაკვეთილია, ამიტომაც გამოიჩინა ქართველმა ხალხმა სიბრძნე 2022 წელს და არ ჩაათრევინა თავი ისეთ ომში, რომელიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი და რომლის დასასრული, ქართველმა ხალხმა კარგად იცის.

„დღეს შინდისის გმირების დღეა. დღე, როდესაც გაიმართა გმირული ბრძოლა შინდისში 22 ქართველ ჯარისკაცსა და 100 მოწინააღმდეგეს შორის. ერთის მხრივ, რუსეთის არმიის წარმომადგენლები და მეორეს მხრივ, საქართველოს ჯარის წარმომადგენლები. ჩვენი ჯარისკაცები ხუთჯერ აღმატებულ მტერს შეებრძოლნენ. 17 დაიღუპა გმირულად. ისტორია გვაჩვენებს, რომ ქართველი მებრძოლი არ უშინდება რიცხოვნობას. ხვალ აღვნიშნავთ დიდგორობას, სადაც, ასევე, ხუთჯერ აღმატებულ მტერთან გავიდა ქართველი საომრად და გაიმარჯვა 60 000 – 300 000-ის წინააღმდეგ და აქაც, 17 წლის წინ, 22 ჯარისკაცი 100-ის წინააღმდეგ მედგრად დადგა და ბოლომდე იბრძოლა საკუთარი ქვეყნისთვის. ეს ჩვენ გვაჩვენებს, რომ ქართველი ჯარისკაცისთვის, მეომრისთვის ყველა ბრძოლა დიდგორია. მნიშვნელობა არ აქვს ამის გარშემო რა ხდება, ყველა ბრძოლაში ქართველი შედის, როგორც დიდგორში და მაშინ ეს გვაჩვენებს შინდისის გმირებმა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

მისი თქმით, ყველა ბრძოლას არ ჰყავს დავით აღმაშენებლის მსგავსი პატრიოტი მთავარსარდლები.

„17 წლის რომ არა ის მარიონეტული რეჟიმი, ეს ომი არ იქნებოდა. შეიძლება, არ ყოფილიყვნენ გმირები, მაგრამ იქნებოდნენ თავის ოჯახთან, შვილებთან, მეუღლეებთან. ეს ის გაკვეთილია, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ისწავლა. მარიონეტული რეჟიმი როდესაც გყავს, რომელიც ქვეყანას სათავეში უდგას, ასეთი რეჟიმები მოქმედებენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებით, არამედ სხვა ქვეყნების და ჯგუფების ინტერესებით, ასეც მოხდა 17 წლის წინ“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის „მარიონეტულმა რეჟიმმა გეოპოლიტიკურ დიდ საჭადრაკო დაფაზე საქართველო პაიკად გამოაყენებინა“.

„იმედია, ბოლოსკენ მიდის უკრაინაში მიმდინარე ომი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი. არის პოლიტიკური ნება, მათ შორის, აშშ-ს მხრიდან და რუსეთიდანაც, როგორც ჩანს, უკრაინაც გამოთქვამს მზადყოფნას. იმედია, ეს ომი მალე დასრულდება. ესეც გაკვეთილია და ჩვენივე გაკვეთილი ამას გვასწავლის. ქართველებმა ყველაზე კარგად ვიცით, როგორ იწყება და როგორ სრულდება ასეთი ომები. 17 წლის წინ, 12 აგვისტოს დაიდო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, 6-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ევროკავშირის შუამდგომლობით იქნა ხელმოწერილი და ეს გეგმა დღემდე შეუსრულებელია, მათ შორის, ერთ-ერთი პუნქტი იყო რუსეთის მხრიდან ჯარების გაყვანა საწყის პოზიციებზე. 12 აგვისტოს ამ შეთანხმების გარანტორი იყო ევროკავშირი, თუმცა, მიუხედავად იმისა რომ, რუსეთს არაფერი შეუსრულებია, ევროკავშირს არც სანქციები დაუწესებია რუსეთისთვის, არც რაიმე პოლიტიკური ფასი გადაუხდია. ამის შემდეგ იყო მილების მშენებლობა რუსეთთან და სტრატეგიული პროექტები გერმანიასა და რუსეთს შორის. ამის შემდეგ იყო ვაჭრობა ევროპასა და რუსეთს შორის. ასე რომ, ჩვენი ომი დასრულდა, ერთგვერდიან ხელშეკრულებაზე მოვაწერეთ ხელი. საქართველოს დაედო ემბარგო, იარაღს არ გვაძლევდა არც ევროპა და არც აშშ-ი. დღეს როგორ უდგანან უკრაინას გვერდით და როგორ გვედგნენ ჩვენ გვერდში, აგვიკრძალეს იარაღის ყიდვა, 2008 წლის შემდეგ ევროპელებმა სანქცია დაადეს არა რუსეთს, არამედ საქართველოს. ესეც გაკვეთილია, ამიტომაც გამოიჩინა ქართველმა ხალხმა სიბრძნე 2022 წელს და არ ჩაათრევინა თავი ისეთ ომში, რომელიც ბევრჯერ გვაქვს ნანახი და რომლის დასასრული, ქართველმა ხალხმა კარგად იცის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.