საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 2 ივნისის ბრძანებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის – მეურვეობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსი გამოცხადდა. 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ბრძანების თანახმად, მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

„განაცხადები მიიღება 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით.

განაცხადები წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://info.parliament.ge/file/1/OpenFile/8583. „, - ნათქვამია ინფორმაციაში.